CPJ და სხვა 10 ორგანიზაცია სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტო

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) და კიდევ ათი ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს თავისი აღმასრულებელი უფლებამოსილება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ციხიდან „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ გასათავისუფლებლად.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სალომე ზურაბიშვილისთვის მიწერილ წერილში ადამიანის უფლებათა და პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები, ქართველ ხალხს ულოცავენ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების უკან გატანის წარმატებით მიღწევას, მიესალმებიან ზურაბიშვილის მიერ კანონპროექტის დაგმობასა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას.

„დღეს გწერთ იმისთვის, რათა გთხოვოთ, პრესის თავისუფლებისთვის კიდევ ერთხელ დაიკავოთ უმნიშვნელოვანესი პოზიცია ჟურნალისტ ნიკა გვარამიას ციხიდან გასათავისუფლებლად თქვენი ძალაუფლების გამოყენებით... როგორც ადამიანი, რომელიც მოწოდებულია დაიცვას საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია, თქვენ აღიარებთ, რომ შურისძიების მიზნით ჟურნალისტის პატიმრობა თქვენი ქვეყნისთვის შემაშფოთებელი გარდატეხის მომასწავებელია. მას შემდეგ, რაც 1992 წლიდან ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების შესახებ მონაცემების შედგენა დაიწყო, საქართველოში არცერთი ჟურნალისტი არ დაფიქსირებულა გისოსებს მიღმა. გვარამიას პატიმრობა, რაც საქართველოს ერთ რიგში აყენებს პოსტსაბჭოთა ევრაზიის რეპრესიულ, ავტორიტარულ სახელმწიფოებთან, თქვენი ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტისადმი წერილში.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, მუდმივად აცხადებს, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია, გვარამიას გათავისუფლება კი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ამ ევროპული მისწრაფებების შესასრულებლად, ასევე, საქართველოს დემოკრატიული მომავლის გასაძლიერებლად.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის გარდა, წერილს ხელს აწერენ ისეთი ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორებიცაა: მე-19 მუხლი; ევროპელი ჟურნალისტების ასოციაცია (AEJ); პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF); ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია (EFJ); ჰიუმან რაითს ვოჩი (HRW); ჟურნალისტური სამართლიანობის ფონდი; ცენზურის ინდექსი; საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI); საერთაშორისო პენკლუბი (PEN International); რეპორტიორები საზღვრების გარეშე(RSF).

16 მაისს ერთი წელი გახდება, რაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირქტორი ნიკა გვარამია პატიმრობაშია. 2022 წლის 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ გვარამიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის ნაწილში უცვლელი დატოვა და 3.6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ, ნიკა გვარამია დაპატიმრებული იყო „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2022 წლის 16 მაისის განაჩენით, მას ბრალდების მეორე ეპიზოდზე - „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ნაწილში მხოლოდ ჯარიმა დააკისრა 50 ათასი ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ მას ამ ეპიზოდზეც პატიმრობა მიუსაჯა.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მის მიმართ პირადი წყენა არ აქვს და ეს საკითხი ღიაა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და „ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.