საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მის მიმართ არანაირი პერსონალური წყენა არ გააჩნია და ეს საკითხი ღიაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
„არანაირი პერსონალური არ არის, არა. წყენა არის პიროვნული ურთიერთობების კატეგორია და არა პოლიტიკის კატეგორია. წყენა თუ გაქვს, ის გვერდზე უნდა იყოს გადადებული, ვიდრე ამ პოზიციაში ხარ. პრეზიდენტს არ შეიძლება რომ ჰქონდეს პირადი წყენა და მგონი, ამის სამი მაგალითი უკვე მქონდა - ოქრუაშვილი, რურუა, უგულავა.
ამიტომ, ეს არის ღია საკითხი. ამაში ერთადერთი შემაკავებელი არის ის დაუმთავრებელი რეკომენდაციები თუ ზეწოლები, თუნდაც ევროპარლამენტარების რეზოლუციები. მათ პირდაპირ ვუთხარი, პატარა ქვეყანა რომ ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე ნება აიღონ და ჩემზე პიროვნულად ისეთი გზავნილი იყოს, რომ მოდით და ვიღაცა შეიწყალეთ. ამიტომ, ამის უფლება არცერთი ქვეყნის მიმართ არავის აქვს იმიტომ, რომ ეს არის არანაკლებ თანასწორი ქვეყანა, როგორც სხვები და პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება. ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პატივს სცემს ნიკა გვარამიას პოზიციას, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტს შეწყალებას არ სთხოვს.
ჟურნალისტის შეკითხვას, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების დროს თუ ნახავს, რომ პროცესს რაღაც რგოლი აკლია, მიიღებს თუ არა შეწყალების გადაწყვეტილებას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „მაინც გინდათ, რომ მათქმევინოთ და „თუ“-ზე გავჩერდეთ. არ ვაპირებ, რომ ეთერში ამაზე გიპასუხოთ იმიტომ, რომ უნდა იყოს დაცული ეს დისკრეციული უფლება და არა იმიტომ, რომ მე რაღაც მინდა დაგიმალოთ. ასევე, სხვა პატიმრების მიმართ, ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ სხვებიც არიან, რომლებიც ასე არ არიან წინა პლანზე და პოლიტიკურ სცენაზე მათი საკითხები არ იხილება, მაგრამ ისინიც ყველაფერს უყურებენ და ამიტომ, დიდი სიფრთხილე უნდა იყოს გამოჩენილი. მე ვამბობ, რომ წინასწარ რამეზე საუბარი ან ახსნა, რას გააკეთებ და რას არ გააკეთებ, ეს არის ის, რაც შეიძლება იყოს რთული სხვების მიმართ, თორემ რას გავაკეთებ - ამაზე არც კის ვამბობ და არც არას და როცა საჭირო იქნება, გეტყვით“.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 2022 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ განაჩენის გამოცხადებისთანავე დააკავეს.
2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, მოსამართლეების მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, გვარამია პატიმრობაში დატოვა და იგივე სასჯელი განუსაზღვრა - 3.6 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა პირველი ინსტანციის განაჩენი.
კერძოდ, გვარამია დაპატიმრებული იყო „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2022 წლის 16 მაისის განაჩენით მას ბრალდების მეორე ეპიზოდზე - „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ნაწილში მხოლოდ ჯარიმა დააკისრა 50 ათასი ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ გვარამიას მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი ამ ნაწილში შეცვალა და 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ეპიზოდზეც მას პატიმრობა მიუსაჯა.
ევროპარლამენტარებმა სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ არაერთხელ მოუწოდეს. ლიბერალურ პარტიათა გაერთიანება ALDE-მ, განაცხადა, რომ საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე სწორედ გვარამიას გათავისუფლებაა.
2022 წლის ბოლოს გვარამიას საქმე ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშშიც მოხვდა. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლომ გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.