რაც ნაკლებია გარედან ზეწოლა, მით უკეთესია ეს შეწყალებისთვის - პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთან“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე ისაუბრა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შეკითხვაზე, მიმართა თუ არა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამას პირადად ბევრი ადამიანი სთხოვდა, მაგრამ მათ უხსნიდა, რომ „შეწყალება ამ ვითარებიდან გამოსავალი არ არის ზუსტად ქართველი ხალხის გამო“.

„თუმცა არის სხვა გზებიც და თუ ზეწოლაა, მაშინ ზეწოლა გამოყენებული უნდა იყოს იქ, სადაც პასუხისმგებლობაა და სადაც არის ძალაუფლება რამის შესაცვლელად. მაგალითად, მე უკვე ვახსენე ელექტრონული სამაჯური. ეს ყველაფერი ხელისუფლებაზეა. მან უნდა იპოვოს გზები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება იმას, რაც ხდება გარე სამყაროში.

ეს არ არის ახალი საკითხი. ბევრი ქვეყნის პრეზიდენტია გასამართლებული და ხანდახან ჩვენ ვიგებთ, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ასევე არსებობს საყოველთაოდ მიღებული მიდგომები ამ სირთულის გადასაჭრელად და ჩვენ უფრო მეტად უნდა შევესაბამებოდეთ მათ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სრულიად სხვა სიტუაციაა.

„ერთადერთი მსგავსება ის არის, რომ პრეზიდენტი - და ამის შესახებ მე ევროპარლამენტში ვისაუბრე - ზეწოლის ქვეშ ვერ შეიწყალებს, რადგან მაშინ მასზე ზეწოლა შესაძლოა განახორციელონ შიგნიდან. დღეის მდგომარეობით, მგონი, 3000 პატიმარი გვყავს. ნებისმიერმა მათი ოჯახებიდან, სამეგობროდან ან გავლენიანი ჯგუფიდან შეიძლება დაიწყოს ზეწოლა.

ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ჩემზეა. ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ მის შესაბამისად. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, გავაკეთო ეს თუ არა. მაგრამ რაც ნაკლებია გარედან ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალებისთვის.

 სხვა საკითხია ხელისუფლებაზე ზეწოლა, პასუხის მოთხოვნა, მაგრამ შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილება - ნებისმიერი ქვეყნისთვის, პატარისთვის თუ დიდისთვის, განურჩევლად გამოყენებული კამპანიის მასშტაბისა - არ შეიძლება დაექვემდებაროს ზეწოლას“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ ჟურნალისტების პასუხისგებაში მიცემა ქართული დემოკრატიისთვის საფრთხეა. „ვფიქრობ, ამ ეტაპზე ქართული დემოკრატიისთვის ბევრი საფრთხეა. რა თქმა უნდა, მე ვარ გამოხატვის თავისუფლების მომხრე. მე თვითონ გავხდი ძალიან ზღვარგადასული სიტყვების სამიზნე ამ ჟურნალისტის მხრიდან, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტი არ იყო: სხვადასხვა დროს ის იყო პროკურორიც და არა ის პროკურორი, რომელიც რეალურ სამართლიანობას ახორციელებდა. თუმცა, ადამიანები პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ იმაზე, რისთვისაც ისინი გაასამართლეს. მე მჯერა, რომ გამოხატვის თავისუფლება ალბათ ერთადერთი უფლებაა, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ახლა უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ერთ წელზე მეტია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მაისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სამკურნალოდ საქართველოდან პოლონეთში გადაყვანაზე. სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება და პუტინის ტყვეა.

ნიკა გვარამია სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. 16 მაისს მისი დაპატიმრებიდან ერთი წელი შესრულდა. 2022 წლის 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ძალაში დატოვა გვარამიასთვის მისჯილი სასჯელი - 3.6 წლით თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ, ნიკა გვარამია დაპატიმრებული იყო „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენით, მას ბრალდების მეორე ეპიზოდზე - „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ნაწილში, 50 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლომ მას ამ ეპიზოდზეც პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.