ოკუპირებული აფხაზეთის გადამდგარმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დე ფაქტო რესპუბლიკა დატოვა. ბჟანიამ რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს თავად განუცხადა, რომ აფხაზეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, მივფრინავ მოსკოვში გარკვეული დღეებით“, - განაცხადა ბჟანიამ.
ასლან ბჟანია დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2020 წლის აპრილიდან იკავებდა და მიმდინარე კვირაში, საპროტესტო აქციების შედეგად გადადგა.
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლები 15 ნოემბერს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები სოხუმში, ე.წ. პარლამენტთან შეიკრიბნენ და რუსეთთან გაფორმებული „საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიცირებაზე უარის თქმა და ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. მათ დე ფაქტო პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მინისტრთა კაბინეტის შენობები დაიკავეს. განვითარებული მოვლენების ფონზე, ასლან ბჟანიამ სოხუმი დატოვა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის ქმედებებს „სახელმწიფო გადატრიალებად“ აფასებდნენ. 18 ნოემბერს, საღამოს, ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პირისპირ მოლაპარაკებები დაიწყო, რის შედეგადაც მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ბჟანია გადადგებოდა, ხოლო ოპოზიცია ე.წ. სამთავრობო შენობებს დატოვებდა.
19 ნოემბერს, დე ფაქტო პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 28 დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბჟანიას გადადგომის საკითხს.
შეთანხმების შესაბამისად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრემიერი ბადრა გუნბა შეასრულებს. მან ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ალექსანდრ ანქვაბი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ვალერი ბგანბა დანიშნა.
დე ფაქტო პარლამენტი ვადამდელი არჩევნების თარიღზე 28 ნოემბერს იმსჯელებს. ხუთმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მათი კანდიდატი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ადგურ არძინბა იქნება. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ასლან ბჟანია.
