ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომას. გადაწყვეტილება დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მიიღეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 31-მა ე.წ. დეპუტატმა მიიღო, მათგან 28-მ საკითხს მხარი დაუჭირა, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო ორი ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
ე.წ. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას დე ფაქტო ვიცი-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს.
ასლან ბჟანია უარყოფს ინფორმაციას, რომ აფხაზეთი დატოვა. მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის ოჩამჩირეში, სოფელ ტამიშში იმყოფება.
გამოცემა Sputnik-თან ინტერვიუში ბჟანიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები რთულ პირობებში მიმდინარეობდა, მაგრამ შედეგიანი გამოდგა.
„ეს არის ერთგვარი კომპრომისი, კონსტიტუციური წესების აღდგენის შესაძლებლობა, მაგრამ დარჩება გარკვეული წინააღმდეგობები, წინააღმდეგობები მიდგომებში, იდეოლოგიური წინააღმდეგობები“, - აღნიშნა ბჟანიამ.
მისი თქმით, კრიზისის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, საზოგადოებას პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალი დონე რომ გამოეჩინა, რაც არ მოხდა, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზების გამო.
„მსურს დავისვენო, მშვიდ გარემოში გავაანალიზო რა მოხდა, ვიყო მარტო ჩემს ფიქრებთან, ჩავისუნთქო ცოტაოდენი ჰაერი“, - განაცხადა ბჟანიამ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
განცხადება გაავრცელა „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ და ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამაც.
„დღეს ჩვენ დავასრულეთ ექსპრეზიდენტ ასლან ბჟანიას სახელობის პოლიტიკური კრიზისის მწვავე ფაზა მისი აბსოლუტურად კანონზომიერი გადადგომით, რომელმაც მინიმუმ სამი დღით დაიგვიანა, რეალურად კი სამი წლითაც“, - განაცხადა არძინბამ და განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს გადაუხადა, რომლებმაც, მისი თქმით, „უპრეცედენტო როლი ითამაშეს“.
„სწორედ ასეთი სახალხო მხარდაჭერა და ჩართულობა ჩვენს საერთო საქმეში გახდა წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, რადგან ხალხის რაოდენობა და მათი განწყობა იყო გადამწყვეტი არგუმენტი, მათ შორის მოლაპარაკებების დროსაც. ... ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა არ შეიძლება - ამ ბოლო გაკვეთილს, დარწმუნებული ვარ, აფხაზი ხალხი რამდენიმე თვეში ასწავლის ასლან ბჟანიას, თუ ექსპრეზიდენტი არ მოეშვება პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შესახებ აბსურდულ ოცნებებს“, - ნათქვამია არძინბას განცხადებაში.
ასლან ბჟანიამ ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების მეოთხე დღეს მიიღო.
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლები 15 ნოემბერს, პარასკევს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები სოხუმში, ე.წ. პარლამენტთან შეიკრიბნენ და რუსეთთან გაფორმებული „საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიცირებაზე უარის თქმა მოითხოვეს. მათ დე ფაქტო პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მინისტრთა კაბინეტის შენობები დაიკავეს. განვითარებული მოვლენების ფონზე, ასლან ბჟანიამ სოხუმი დატოვა. 16 ნოემბერს მან გადადგომის პირობად „სამთავრობო შენობების“ გათავისუფლება დაასახელა, რასაც მომიტინგეები არ თანხმდებოდნენ. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის ქმედებებს „სახელმწიფო გადატრიალებად“ აფასებდნენ.
