სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მათ რკინის გალავანი სატვირთო ავტომობილის მეშვეობით გაარღვიეს. მანამდე, პარლამენტის ტერიტორიიდან აქციის მიმართულებით ე.წ. კვამლის ბომბები ისროლეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
აფხაზური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების“ წინააღმდეგ გამოდიან. დოკუმენტის რატიფიცირების საკითხი დე ფაქტო პარლამენტს დღეს უნდა განეხილა. შენობასთან აფხაზეთისა და რუსეთის დროშებით მისული მოქალაქეების წინააღმდეგ, სამხედრო ტექნიკა და ასობით „სამართალდამცავი“ მოაბილიზეს, თუმცა სხდომა მაინც ჩაიშალა.
მედიის ინფორმაციით, სესიაზე 21 ე.წ. დეპუტატი მივიდა, მათგან 13-მა ხდომის გაუქმებას და შეთანხმების საკითხის განხილვის გადადებას დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი იყო, სამმა კი თავი შეიკავა. დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ აღნიშნა, რომ დეპუტატები მზად არ იყვნენ დაძაბულ გარემოში სამუშაოდ.
საპროტესტო აქციის დაწყებამდე, ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას მოუწოდა, მოახლოებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადაედო ყველა იმ „მწვავე საკითხის“ განხილვა, „რომელიც ხალხს ჰყოფს და საზოგადოებას აღელვებს“.
„თუ ხელისუფლება ამას არ დათანხმდება, უახლოეს დღეებში შესაძლო შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება აფხაზეთის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას და მის გარემოცვას“, - ნათქვამი იყო არძინბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა შეთანხმებას ხელი 30 ოქტომბერს, მოსკოვში მოაწერეს. მისი ამოქმედების შემთხვევაში, რუსული კომპანიები აფხაზეთში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვებას შეძლებენ. იგი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის ზომებს უცხოელი ინვესტორებისთვის, მათ შორის მრავალწლიან საგადასახადო შეღავათებს. დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ინვესტიციები აფხაზეთის ეკონომიკური სტაბილურობისთვისაა აუცილებელი, შეთანხმების მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი ანტიეროვნულია და მხოლოდ ოლიგარქებს მოუტანს სარგებელს.
