Atlantic Council: ღრმად შეშფოთებული ვართ არჩევნებამდე მოვლენების ამ განვითარებით

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ატლანტიკური საბჭო (Atlantic Council) მათი თანამშრომლების სახლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩხრეკის ჩატარებას და ელექტრონული მოწყობილობების ამოღებას გამოეხმაურა. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ გააგრძელებენ სიტუაციაზე დაკვირვებას და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სიცხადეს შეიტანს თავის ქმედებებში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ატლანტიკური საბჭო ღრმად შეშფოთებულია საქართველოს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოვლენების ამ განვითარებით და მისი გავლენით ჩვენი თანამშრომლების მუშაობაზე. ჩვენი ქართველი კოლეგები, სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი, დამოუკიდებელ, უპარტიო მუშაობას ეწევიან, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გაძლიერებას და დაცვას მათგან, ვინც ძირს უთხრის მას ონლაინ სივრცეებში. ეს მოიცავს უცხოური გავლენის მცდელობებთან, მარგინალიზებულ თემებზე ტარგეტირებისა და სხვა ონლაინ საფრთხეების კვლევებს.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ სიცხადეს მისცემს თავის ქმედებებს, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას, დააბრუნებს მათ ქონებას და საშუალებას მისცემს მათ, გააგრძელონ ქართულ დემოკრატიაში წვლილის შეტანა.

ატლანტიკური საბჭო დიდი ხანია დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოსა და მისი მისწრაფებების, ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინსტიტუტებში გაწევრიანების დამცველია. ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია აქვეყნებს კვლევას, რომელიც ხაზს უსვამს დისკურსის და ობიექტური ინფორმაციის მნიშვნელობას, როგორც თავისუფალი, ღია და დემოკრატიული ქვეყნების საფუძველს. ატლანტიკური საბჭო გააგრძელებს მუშაობას საქართველოში პარტნიორებთან და მოკავშირეებთან გლობალური მომავლის ერთად ფორმირების მისიის სულისკვეთებით. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს“, - ნათქვამია ატლანტიკური საბჭოს განცხადებაში.

24 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და ქუთაისში, ერთმანეთის პარალელურად, რამდენიმე ჩხრეკა ჩაატარა. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ „ატლატიკური საბჭოს“ (Atlantic Council) ქართველი თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას საცხოვრებელ ბინებში, საიდანაც ლეპტოპები და ტელეფონები წაიღეს. ბუზიაშვილი და გელავა რუსულ დეზინფორმაციას იკვლევენ. ამასთან, სოფო გელავას მეუღლე, გიორგი ნონიაშვილი პარტია „ფედერალისტების“ პოლიტიკური საბჭოს წევრია.

საგამოძიებო სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა ამერიკულ კომპანია Concentrix-ის ოფისშიც, რომელიც ვაკეში მდებარეობს. უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია ქართულ ბაზარზე 2021 წელს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შემოვიდა.

გარდა ამისა, გაჩხრიკეს ქუთაისში ბიზნესმენ ვალერი ტყეშელაშვილის სახლიც. როგორც ტყეშელაშვილი ამბობს, დილით მის ოჯახში ჯერ უბნის ინსპექტორები მივიდნენ, შემდეგ კი ფინანსური პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განუცხადეს, რომ ქოლცენტრებთან მის კავშირზე აქვთ ეჭვი. „არასდროს არაფერი მქონია საერთო ქოლცენტრებთან. რისი მიღწევაც უნდათ არის ის, რომ დააშინონ ხალხი. ჩვენი ოჯახი არ არის „ქოცების“ მხარდამჭერი, არც არასდროს ყოფილა“, - განაცხადა ვალერი ტყეშელაშვილმა.

განცხადება გაავრცელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სადაც ნათქვამია, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე.წ. ქოლცენტრში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. უწყებაში აღნიშნეს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან.

 

ამ თემაზე:

მხოლოდ იმისთვისაა, რომ ხალხი შეშინდეს - პრეზიდენტი არჩევნებამდე ჩატარებულ ჩხრეკებზე

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).