„ეს არის ტიპიური ფსიქოლოგიური ზეწოლა, ინტიმიდაცია არჩევნებამდე, რომელსაც, მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში“, - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარების სახლებში არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩატარებული ჩხრეკა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ხდება მხოლოდ იმისთვის, „რომ ხალხი შეშინდეს, ვიღაცა არ წავიდეს არჩევნებზე, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის იმ ფორმით ჩაყრა ურნაში, როგორც თვითონ ფიქრობს“.
„ეს ყველაფერი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც მგონი, საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც საკმაოდ გამოცდილია ამ ყველაფერში, არ მუშაობს, აღარ მუშაობს და აღარ იმუშავებს.
დავამატებ, რომ გადასვლა იმ ახალ ეტაპზე, კოალიციურ მთავრობაზე, პროევროპულ მთავრობაზე და ჩვენი ახალი პოლიტიკური რეალობა სწორედ ის უნდა იყოს მომავალში, რომ აღარ იყოს საარჩევნო ინტიმიდაციები, ეს საარჩევნო ზეწოლა და საარჩევნოდ ადამიანების ამ ფორმით გამოყვანა მაგალითად, მიტინგებზე - ძალით, ხვეწნით, ფულით თუ რაც იქნება. ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს და დარწმუნებული ვარ, ჩაბარდება“, - თქვა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.
24 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და ქუთაისში, ერთმანეთის პარალელურად, რამდენიმე ჩხრეკა ჩაატარა. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ „ატლატიკური საბჭოს“ (Atlantic Council) ქართველი თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას საცხოვრებელ ბინებში, საიდანაც ლეპტოპები და ტელეფონები წაიღეს. ბუზიაშვილი და გელავა რუსულ დეზინფორმაციას იკვლევენ. ამასთან, სოფო გელავას მეუღლე, გიორგი ნონიაშვილი პარტია „ფედერალისტების“ პოლიტიკური საბჭოს წევრია.
როგორ ეთო ბუზიაშვილმა თქვა, გამომძიებლებმა დილის 8 საათზე მის ბინაში მოტყუებით შეაღწიეს. „არ მითხრეს, რომ ფინანსური პოლიციიდან იყვნენ. თქვეს, რომ გაზის შემოწმების სამსახურიდან იყვნენ, რაღაცის გაჟონვა იყო პრობლემა. შემოვარდა დაახლოებით 6 ადამიანი, დაიწყეს პირდაპირ ჩხრეკა, ჩამომართვეს ტელეფონი, არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის საშუალება“, - თქვა ბუზიაშვილმა.
„ამიხსნეს, რომ ეს [ჩხრეკა] არის დაკავშირებული იმ კომპანიასთან, რომელსაც დაკონტრაქტებული ვყავარ, თუმცა, რეალურად ვმუშაობ ატლანტიკურ საბჭოში. ეს არის ამერიკაში დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია, ჩემი საქმიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული დეზინფორმაციასთან, საინფორმაციო ოპერაციების კვლევასთან, რუსეთის ჩარევასთან. ამიტომ, ჩემთვის, ამ წუთას ძალიან საეჭვოა, რა ხდება“, - განაცხადა სოფო გელავამ ტელეკომპანია „პირველთან“.
საგამოძიებო სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა ამერიკულ კომპანია Concentrix-ის ოფისშიც, რომელიც ვაკეში მდებარეობს. უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია ქართულ ბაზარზე 2021 წელს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შემოვიდა.
გარდა ამისა, გაჩხრიკეს ქუთაისში ბიზნესმენ ვალერი ტყეშელაშვილის სახლიც. როგორც ტყეშელაშვილი ამბობს, დილით მის ოჯახში ჯერ უბნის ინსპექტორები მივიდნენ, შემდეგ კი ფინანსური პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განუცხადეს, რომ ქოლცენტრებთან მის კავშირზე აქვთ ეჭვი. „ბოლო 10 წელია საქართველოში არ ვიმყოფებოდი, რამდენიმე თვეა ჩამოვედი და მშობლების სახლში ვარ. ქოლცენტრთან არანაირი შეხება არ მქონია. ვარ, ძირითადად, საგანმანათლებლო სფეროში და საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ვაკეთებ შესყიდვების სისტემას. არასდროს არაფერი მქონია საერთო ქოლცენტრებთან. რისი მიღწევაც უნდათ არის ის, რომ დააშინონ ხალხი. ჩვენი ოჯახი არ არის „ქოცების“ მხარდამჭერი, არც არასდროს ყოფილა“, - განაცხადა ვალერი ტყეშელაშვილმა.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სადაც ნათქვამია, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე.წ. ქოლცენტრში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. უწყებაში აღნიშნეს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან.