საქართველოდან დეპორტირებულ და აზერბაიჯანში ხელახლა დაკავებულ ჟურნალისტს, ინტერნეტარხ Azel TV-ის დამფუძნებელ აფგან სადიგოვს, ოჯახის წევრებთან დაკავშირება აუკრძალეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ განაცხადა, რომ აფგანი ქურდახანის საგამოძიებო იზოლატორშია მოთავსებული და მას ნათესავებთან და ოჯახთან დარეკვის უფლება არ ეძლევა.
სევინჯ სადიგოვამ Facebook-ის მეშვეობით აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ვრცელი განცხადებით მიმართა, რომელშიც მისი ოჯახის მიმართ მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას მოითხოვს.
„პრეზიდენტო ილჰამ ალიევ, ჩემი ქალიშვილებიდან ერთი 12 წლისაა, მეორე კი – 17-ის. მათი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ქცევა და ამ რეპრესიების ნაწილად გახდომა თქვენთვის და თქვენი რეჟიმისთვის არანაირ ღირსებას არ მოიტანს...
8 ივნისს აფგანი დააკავეთ. უკვე ორი დღეა, ჩემი ქალიშვილი ყოველდღე მეკითხება მამაზე, ენატრება და მისი ხმის მოსმენა სურს. ჯერ კიდევ ვერ ვეუბნები ბავშვებს ამ დაკავების შესახებ. ბატონო ილჰამ ალიევ, თქვენ სამი შვილი გყავთ. თუ ოდნავ მაინც გაქვთ თანაგრძნობა და სინდისი, ნუ აქცევთ ამ ბავშვებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. მიეცით მას შესაძლებლობა, დაურეკოს თავის შვილებს.
ეს ბავშვები აზერბაიჯანელი ხალხის წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან, თუმცა სწორედ თქვენი შექმნილი სისტემა გვწირავს განადგურებისთვის და გვაიძულებს ემიგრაციაში ცხოვრებას“, – წერს სევინჯ სადიგოვა.
აფგან სადიგოვი 8 ივნისს, ჯალილაბადის რაიონში, ნათესავის სახლში იმყოფებოდა, როდესაც ნიღბიანმა და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა ძალის გამოყენებით დააკავეს.
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სადიგოვის წინააღმდეგ 2024 წელს დაწყებული და შემდგომ შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმე განაახლა. გამოძიება ეფუძნება ნეფთჩალის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების ორი ჩინოვნიკისა და ქალაქ სუმგაითის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის საჩივარს, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს ჟურნალისტი მათ ფულს სძალავდა.
სევინჯ სადიგოვა ბრალდებებს სრულად უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე გაყალბებულია. იგი კითხულობს, როგორ შეძლებდა აფგანი ამ „დანაშაულის“ ჩადენას აზერბაიჯანში, როდესაც ის ოჯახთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა. მისი თქმით, ჟურნალისტს სოციალურ ქსელებში ხელისუფლების აქტიური კრიტიკისა და უსამართლობაზე საუბრის გამო სჯიან.
აფგან სადიგოვი ოჯახთან ერთად საქართველოში სამკურნალოდ 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა, თუმცა აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების გამო სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. 2024 წლის 3 აგვისტოს იგი თბილისში დააკავეს აზერბაიჯანის პროკურატურის შუამდგომლობით, რომელიც მის ექსტრადიციას ითხოვდა.
თბილისის საგამოძიებო იზოლატორში სადიგოვმა რამდენიმე თვე იშიმშილა. 2025 წლის 28 თებერვალს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას საქმის არსებით განხილვამდე მისი ექსტრადიცია აუკრძალა. ჟურნალისტი 16 აპრილს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა სტრასბურგის სასამართლოს აკრძალვის გვერდის ავლის ფორმალური გზა მაინც გამონახეს: 2026 წლის 1-ელ აპრილს აზერბაიჯანმა ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, 4 აპრილის ღამეს კი სადიგოვი თბილისში დააკავეს. ოფიციალურ საბაბად სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფა დასახელდა. ის იმავე ღამეს, დაახლოებით 04:00 საათზე გაასამართლეს და აზერბაიჯანში დაუყოვნებლივ გააძევეს. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სადიგოვს 2000 ლარის ოდენობით ჯარიმაც შეუფარდა და ქვეყანაში შემოსვლა სამი წლით აუკრძალა.
16 მაისს, აფგან სადიგოვი საფრანგეთში მცხოვრებ მეუღლესა და შვილებთან გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა ბაქოს საერთაშორისო აეროპორტიდან ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს. ამ გადაწყვეტილებამ მის წინააღმდეგ დევნის განახლების საფრთხეზე მიანიშნა, რაც საბოლოოდ მისი ხელახალი დაპატიმრებით დასრულდა.
