რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესაძლოა გროზნოდანაც შეასრულოს. ეს საკითხი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა, რამზან ჩერხიგოვმა და „აზიმუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ედუარდ ტეპლიცკიმ განიხილეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის დავალების შესრულების ფარგლებში, განვიხილეთ არაერთი პერსპექტიული პროექტი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ სამგზავრო ავიარეისების გეოგრაფიის გაფართოებასთან დაკავშირებით. შეხვედრის დროს გამოიკვეთა მგზავრთა საჰაერო გადაყვანის რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ფრენები ქალაქების - სოჭის, ვოლგოგრადის, თბილისისა და ჯედას [საუდის არაბეთი - რედ.] მიმართულებით“, - განაცხადა ჩერხიგოვმა.
ცოტა ხნის წინ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ („როსავიაცია“) რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის შესრულებაზე ნებართვა გასცა. საუბარია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებებით ავიარეისებზე ვლადიკავკაზიდან, მაჰაჩყალადან, კრასნოდარიდან, ნიჟნი ნოვგოროდიდან, სამარადან და სხვა ქალაქებიდან. ახალი რეისების შესასრულებლად რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვაც უნდა მიიღონ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2023 წლის 10 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას და გააუქმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში პირდაპირი ფრენების შესრულების აკრძალვა, რომელიც თავადვე დააწესა 2019 წლის ივნისში თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. კიდევ ერთი განკარგულებით პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 23 წლის განმავლობაში მოქმედი სავიზო რეჟიმი გააუქმა.
19 მაისიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე ყოველდღიური ფრენები „აზიმუტმა“ დაიწყო, 20 მაისიდან კი ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“. ფრენების ნებართვა კიდევ ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ - „რედ ვინგსმა“ მიიღო, რომელსაც პირველი ავიარეისი მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით 10 ივლისს უნდა შეესრულებინა, თუმცა ის უამინდობის გამო გადაიდო. „რედ ვინგსი“ მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენას ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს გეგმავს, ხოლო სოჭი-თბილისის რეისებს სამშაბათსა და კვირას შეასრულებს.
