ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი შეთანხმდნენ, ეროვნული სანქციები დაუწესონ მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმური საპროტესტო აქციები ჩაახშო. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრებმა - გაბრიელიუს ლანდბერგისმა, ბაიბა ბრაჟემ და მარგუს ცაჰკნამ გაავრცელეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
„ბალტიის სამი სახელმწიფო ერთობლივად შეთანხმდნენ ეროვნული სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც ჩაახშო ლეგიტიმური პროტესტი საქართველოში. დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით“, - წერენ საგარეო საქმეთა მინისტრები პლატფორმა X-ზე.
დამატებითი დეტალები უცნობია. ამ საკითხს საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ჯერ არ გამოხმაურებია.
28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას გააცნო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება „საკონსტიტუციო გადატრიალებისთვის“ დასმულ წერტილად შეაფასა და თქვა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.
კობახიძის განცხადებას მოქალაქეების მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები აქციის მონაწილეებს, ისევე როგორც ჟურნალისტებს, არბევენ და სასტიკად უსწორდებიან. პროტესტის პირველი სამი დღის განმავლობაში დაკავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.
განვითარებული მოვლენების ფონზე ამერიკის შეერთებულმა შატატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
1-ელ დეკემბერს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროკავშირის ახალმა უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, მარტა კოსმა. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან. „ძალადობის ყველა ფაქტი უნდა იქნას გამოძიებული და ძალადობაზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
