BBC-მ „ქართული ოცნების“ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, რასაც პარტია გაასაჩივრებს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გაასაჩივრებენ პარტიის საჩივარზე ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის პასუხს, სადაც BBC მხარდაჭერას უცხადებს საკუთარ ჟურნალისტებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბიძინა ივანიშვილის პარტიამ BBC-ს საჩივრით ერთი თვის წინ მიმართა და საპროტესტო აქციების დასაშლელად „კამიტის“ შესაძლო გამოყენების შესახებ ჟურნალისტური გამოძიების გამო საჯარო ბოდიშის გარდა, შესაბამისი პლატფორმებიდან მასალების აღებაც მოითხოვა. დღეს, 13 თებერვალს, პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ BBC-სგან პასუხი მიიღეს.

„მათ წინასწარვე ჰქონდათ თავისი პოზიცია გამჟღავნებული, რომ არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც იგივე პოზიცია არის“, - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ უკვე მუშაობენ საპასუხო მიმართვაზე.

„ბრიტანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე კვლავ BBC-ში უნდა გავასაჩივროთ ეს საკითხი, მათი პოზიცია შიდა რეგულაციის მეორე დონეზე“, - თქვა „ქართული ოცნების“ პარლამენტის სპიკერმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პროცედურებს მიჰყვებიან და „რაც უფრო გაძალიანდებიან“ BBC-ში, მით უფრო დააზიანებენ საკუთარ თავს“.

„წინ არის სხვა პროცედურები, სადაც უფრო მეტად მოუწევთ პასუხისგება, ვიდრე აქამდე იყო, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს ჩათვლით, სადაც უკვე მოპასუხე იქნება ბრიტანეთის სახელმწიფო და სახელმწიფო დამარცხდება „ქართულ ოცნებასთან“. ასე რომ არ ვიცი, მათი გადასაწყვეტია, სჯობს აქვე დამორჩილდნენ ჭეშმარიტებას და აღიარონ, რაც დააშავეს, ვიდრე გააჯანჯლონ და ბოლოს უფრო დიდი ზიანი მიიღონ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

BBC-მ ჟურნალისტური გამოძიება სათაურით „როდესაც წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ 2025 წლის 1-ელ დეკემბერს გამოაქვეყნა. ჟურნალისტებმა მოიპოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, იგივე სპეცრაზმის ინვენტარიზაციის სიის ასლი, სადაც ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“.

UN1710 ტრიქლორეთილენს (TCE) ნიშნავს. ის სხვა ქიმიური ნაერთების წყალში გაიხსნას უწყობს ხელს. ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი კრისტოფერ ჰოლსტიგი BBC-სთან ამბობს, რომ „ტრიქლორეთილენი ადვილად აღწევს კანში, ფილტვებსა და კუჭნაწლავში. ის მოქმედებს ნერვულ და კარდიოვასკულურ სისტემაზე, შეუძლია ღვიძლზე ზემოქმედება. რაც უფრო დიდია დოზა, მით უფრო მეტია გართულებების რისკი“.

ჟურნალისტებისთვის UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. BBC-მ დაადგინა, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე ყოფილა გამოყენებული არეულობების კონტროლისთვის, ბრომბენზილ ციანიდი, იგივე კამიტია. კამიტი პირველად პირველი მსოფლიო ომის ფრანგულმა ძალებმა ქიმიურ იარაღად გამოიყენეს და მალევე ამოიღეს ხმარებიდან ზემოქმედების ხანგრძლივი ეფექტის გამო.

„ქართული ოცნების“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ BBC-ის მასალაში მითითებული კოდებით - UN1710 და UN3439 - შსს-მ 2007 და 2009 წლებში ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი და ტრიქლორეთილენი შეიძინა. გამოძიების ფარგლებში, შს სამინისტროდან ტრიქლორეთილენიც ამოიღეს - სუს-ის თანახმად, ჩამოწერილი ნაშთი 880 ლიტრის ოდენობით.

ხუთდღიანი გამოძიების შედეგად, როგორც სუს-მა განაცხადა, დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი. „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ (Chlorobenzylidenemalononitrile) ცნობილია როგორც CS, ანუ ცრემლსადენი გაზი.

„აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას“, - განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ. მას არ განუმარტავს, რა ნივთიერებები იყო გამოყენებული 28 ნოემბრიდან დაწყებული პროტესტის სხვა დღეებში.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა“, რომ შსს-ს „შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია. კობახიძემ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.