„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის შვილის შემდეგ, ახალი კომპანია მისმა ცოლმა, ეკატერინა ხვედელიძემაც დააფუძნა. სააქციო საზოგადოება „ლუსოლი“ (JSC LUSOL) საჯარო რეესტრმა 20 იანვარს დაარეგისტრირა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
სააქციო საზოგადოების ერთადერთი აქციონერი და აქციათა 100%-ის მესაკუთრე ეკატერინა ხვედელიძეა. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მან „ლუსოლი“ თავისი წარმომადგენლის, „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავას მეშვეობით დაარეგისტრირა.
სააქციო საზოგადოების მმართველი ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა, რომლის წევრებიც ნუგზარ დეკანოიძე, ვეფხვია დვალი და შოთა კობიაშვილი არიან.
„ლუსოლის“ დირექტორის თანამდებობას გელა კობერიძე იკავებს. კობერიძე დირექტორია ივანიშვილების ოჯახთან დაკავშირებულ ისეთ კომპანიებშიც, როგორებიცაა შპს „ოლდ სითი პანორამა“, შპს „აბასთუმანი 2019“, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფუძნებილი შპს „სისაიდი“ და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“,
მანამდე, 31 დეკემბერს, სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგი“ ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის ვაჟმა, უტა ივანიშვილმა დაარეგისტრირა. ამ შემთხვევაშიც საჯარო რეესტრს ნატო ხაინდრავამ მიმართა.
როგორც „ლუსოლის“, ისე „ატუ ჰოლდინგის“ მისამართად თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირის 39დ განისაზღვრა, სადაც „ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი შენობა, „ბანკი ქართუ“ მდებარეობს.
აღნიშნული კომპანიების დაფუძნებას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება. ივანიშვილი 2024 წლის 27 დეკემბერს „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავალთვის ძირის გამოთხრის გამო“ დასანქცირდა. ამერიკულ კომპანიებს უშუალოდ ივანიშვილთან ტრანზაქციები აეკრძალათ. ამასთან, ნებადართული არ არის კონკრეტული ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია სინგაპურის სააპელაციო სასამართლოში Credit Suisse-ის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის დავასთან.
იანვრის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივა გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაშიც დააყენეს. წინადადების ავტორი, „ლიბერალ დემოკრატებიდან“ პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკლირი და კიდევ 19 პარლამენტარი მიიჩნევენ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აშშ-ს უნდა მიბაძოს „დემოკრატიული უკანდახევის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის“.