„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენს, რომელიც თბილისში ხვალ, 14 მაისს ჩამოვა, შეხვედრაზე უარი უთხრა. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „დე ფაქტო სანქციების“ დასრულებისთანავე ნებისმიერი შეხვედრა იქნება შესაძლებელი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
„პირველ რიგში, თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი [სანქციები], იქიდან გამომდინარე, რომ ამ საკითხს არასერიოზულად მიიჩნევს. რაც შეეხება კონკრეტულად ო’ბრაიენის ვიზიტს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას ჰქონდა თავისი ახსნა და განმარტება. მინდა, გითხრათ ასევე, რომ გასული თვეების განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უთხრა ბიძინა ივანიშვილმა უარი შეხვედრასთან დაკავშირებით. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია იქიდან გამომდინარე, რომ მე მიწევდა ხოლმე გარკვეული საკითხების შეთანხმება.
ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე: ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო და სამწუხაროდ, ეს თანხა აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია. როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, მაშინვე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს, მაგრამ დღეს ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით.
ასეთი შანტაჟი, მუქარები როგორც არ ჭრიდა 2022 წლის მარტიდან, როდესაც მას გაუყინეს თანხები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ასევე, ვერ გაჭრის ახლა. ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟისა და მუქარის პირობებში“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ სანქცია თავის თავში შეიცავს შანტაჟსა და მუქარას.
დღეს, პრემიერ-მინისტრის ბრიფინგამდე, მთავრობის პროპაგანდისტულმა ტელეარხმა „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ივანიშვილის „სანქცირების კონკრეტული პაკეტი“ ჩამოაქვს. „იმედი“ იუწყებოდა, რომ შედგებოდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, სადაც საუბარი სანქციებს შეეხებოდა. ეს ინფორმაცია 17:00 საათზე, საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ გაჟღერდა და imedinews.ge-ზეც გამოქვეყნდა, თუმცა მოგვიანებით, ვებგვერდიდან გაქრა.
ხვალვე, „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანს და როგორც პრემიერმა კობახიძემ თქვა, მას მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღებენ კიდეც.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის ხელახლა ინიცირების გამო საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკა. ოფიციალური ინფორმაციით, ო’ბრაიენი საქართველოში მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.