„ბოდიშის მოხდა ახლაც შეუძლიათ, სულ არ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს უნდა გააკეთოს მმართველმა პარტიამ, პარლამენტის რეზოლუციით. 84 კაცი ხომ ჰყავთ, მოღალატეები, ანტიდემოკრატიული რუსული კანონი რომ მიიღეს. ეს 84 მოღალატე დაჯდეს და გამოაცხოს განცხადება, რომ ბოდიშს უხდიან ოს ხალხს, ან რუსეთს, რადგან საქართველომ სხვა შანსები არ დაუტოვა რუსეთს, შემოსულიყო კეთილშობილი მიზნებით, დაეცვა ოსები და დაეკავებინა საქართველოს ტერიტორია. მათ ახლაც შეუძლიათ ისეთივე უნამუსო განცხადება მიიღონ, როგორ უნამუსოდაც მიიღეს რუსული კანონი. არჩევნებამდე ბევრი დროა, რატომ არ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის ნაწილია და არა ოსებთან შერიგების ნაწილი. ამიტომ, ამას აღვიქვამ ძალიან ანტისახელმწიფოებრივ, მავნე, უპასუხისმგებლო განცხადებად“ – აცხადებს პოლიტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
პოლიტოლოგის თქმით, კონფლიქტიდან ერთი ეპიზოდის ამოჭრა და მასში მხოლოდ ქართული მხარის დადანაშაულება, გაუმართლებელია, რადგან კონფლიქტი არ დაწყებულა 2008 წელს და ოდითგანვე რუსეთია აგრესორი.
„გორში გამოდის ივანიშვილი და არც ახსენებს გორის დაბომბვას. გორელი რომ ვიყო, როგორ უნდა მივცე ხმა ასეთ კაცს? ვინ დაბომბა ჩემი ქალაქი, ვინ დაანგრია ჩემი სახლი, ვინ მოკლა გორელები? თუ ცხინვალის დაცვაზე იყო ლაპარაკი, რა საქმე ჰქონდა რუსეთის ავიაციას გორთან? ამ კონფლიქტში რუსეთი საერთოდ არ ახსენო და მთელი პასუხისმგებლობა გადმოიტანო ქართულ მხარეზე და ბოდიში პრაქტიკულად მოუხადო რუსეთს, არის სრულიად მიუღებელი. საკუთარი მხარდამჭერის ხმებსაც დაკარგავს, რადგან ასეთი ტყუილი, 2008 წლის მოვლენების მხოლოდ ქართული მხარისათვის უსაფუძვლო დაბრალება, მათთვისაც მიუღებელი იქნება.“
ზაქარეიშვილი შიშობს, რომ მსგავსი თემების არჩევნებზე „დახურდავება“ შერიგების მცდელობებსაც საფრთხეს შეუქმნის.
„რა აბსურდია, ბოდვაა, წარმოდგენა არ აქვთ, რას ეხებიან. იმ ხალხმა, ვინც დაუწერა ეს სიტყვა, არც აინტერესებთ კონფლიქტის მოგვარება. მათთვის პენსიების გაზრდის დაპირებას უდრის და ამით გამოავლინეს თავისი უპასუხისმგებლობა.
სრულიად მოშალეს შერიგების ყოველგვარი კონცეფცია. შერიგებაში შეიძლება ჩადებული იყოს ბოდიში, მაგრამ ბოდიში პოლიტიკაში არ ატარებს მორალურ კონცეფციას, მას პოლიტიკური, პრაგამტული ასპექტი აქვს. გზაზე რომ მიდიხარ და ხიდია ჩანგრეული, თუ ხიდი არ აღადგინე, ვერ გადახვალ. როცა კონფლიქტი გვარდება, პროცესი მიდის, ამ დროს მხარეები წააწყდებიან სიტუაციას, რომ ამ ეპიზოდში ჯობია რომელიღაცამ ბოდიში მოიხადოს, მაგრამ მეორე მხარემ ეს ბოდიში მიიღოს და აღიაროს - ხიდი აღდგეს, გადავიდეს, და შემდეგ ხიდამდე მივიდეს. ამ შემთხვევაში ბოდიში პოლიტიკური აქტია. შეიძლება საბოდიშოც არაფერი სჭირდეს ვიღაცას, მაგრამ სუფთა პრაგმატული გათვლა იყოს და მეტი არაფერი.
აქ ვინ ელოდება შენს ბოდიშს? როცა ბოდიშს იხდის, ოსმა უნდა გითხრას, ვიღებთ ბოდიშს და მზად ვართ გარკვეული ნაბიჯები გადავდგათო, არის ეს ნიადაგი მომზადებული? არ არის.
ამიტომ ეს ბოდიში უკეთეს შემთხვევაში ჰაერში გასროლილი სიტყვაა და უარეს შემთხვევაში რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და რუსეთის მიერ გაწეულ ყველა ანტისახელმწიფოებრივ, საერთაშორისო სამართლის ყველა დარღვევას ამართლებს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებას დღეს გამოეხმაურა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი. „საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ ხელშეკრულებას, რომელიც მშვიდობის და საომარი მოქმედებების არგანახლების გარანტიაა და ამავდროულად, დააყენოს საქართველოს მიერ ოკუპირებული თრუსოს, გუდოს და სხვა ოსური ხეობების დაბრუნების საკითხი“, - თქვა მან.