გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს - საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას და ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 2 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 საიამ არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
ბრიტანეთის მთავრობა განმარტავს, რომ გიორგი გაბიტაშვილი არის პასუხისმგებელი, გამოიძიოს ან სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ქმედებაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას პირის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს, მან კი განზრახ ან დაუდევრად არ შეასრულა ეს ვალდებულება.
„კერძოდ, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოების ძალები ძალადობრივად დაესხნენ თავს საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებსა და ახალგაზრდა აქტივისტებს. გიორგი გაბიტაშვილი, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, პასუხისმგებელია პოლიციის ძალადობისთვის პასუხისმგებელი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან დაკავშირებული გამოძიების ზედამხედველობასა და სისხლისსამართლებრივ დევნაზე, რაც ამ შემთხვევაში არ გააკეთა“, - აცხადებს ბრიტანეთის მთავრობა.
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის გამო დასანქცირდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძეც.
შალვა ბედოიძესთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციების დროს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განცხადებას მოჰყვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალადობის გამოყენებას.
რაც შეეხება მირზა კეზევაძეს, დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ის, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პასუხისმგებელი იყო საპროტესტო აციების დროს მოქალაქეების, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და ახალგაზრდა აქტივისტების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების თავდასხმებზე.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, ბრიტანეთი გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას მანამ, სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას.
„მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკის მომგვრელი იყო. 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ.
დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, მანამ სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა“, - თქვა ლემიმ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება 2024 წლის დეკემბერში „ქართული ოცნების“ ხუთი მაღალჩინოსნისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელებაა. მაშინ, მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობისთვის დასანქცირდნენ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორი სულხან თამაზაშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, დასანქცირებული პოლიციელები მალევე დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენებით „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.
