ბუდუ ზივზივაძის მოთხოვნით, მედიებმა წაშალეს ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც მთავრობას აკრიტიკებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„როცა ხედავ ხალხი იჩაგრება, ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია. თან, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო,  მითუმეტეს ასეთი სტატუსი რომ გაქვს, თუნდაც, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს, რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო და რაღაც, მაგრამ რაც არ უნდა პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე. ზუსტად ეგ იყო ჩემს სტატუსში, რაც დავწერე. მითუმეტეს ახალგაზრდები დგანან და მაგიტომ გამოვიჩინე [ინიციატივა]“, - საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის ეს სიტყვები „იუთუბზე“ დღეს გამოქვეყნებული ინტერვიუდან უკვე ამოჭრილია. „ჯაფარას პოდკასტი“ განმარტავს, რომ მონაკვეთი სტუმრის თხოვნით ამოიღეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ინტერვიუდან ამოჭრეს ის ნაწილიც, სადაც ფეხბურთელი რუსეთს მტერს უწოდებს: „ყოველთვის ვიძახდი, რომ რუსეთი მტერია და ამას ყოველთვის ვიტყვი. დედაჩემიც აფხაზეთიდან არის დევნილი და გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია. ეგეც რომ არ ყოფილიყო, ხომ ვხედავთ ახლა უკრაინაში რას აკეთებენ და ჩვენთან, თუნდაც 2008 წელს რაც გააკეთეს. მაგ დროს კი ცოტა პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. რუსეთი არამარტო ჩვენთვის, თითქმის ყველასთვის მტერი სახელმწიფოა“.

ბუდუ ზივზივაძის ინტერვიუდან ეს ციტატები ონლაინგამოცემებმა Facebook-ზე ე.წ. ქარდების სახით გაავრცელეს. ზოგიერთმა მედიამ ქარდები რამდენიმე საათში წაშალა.

„ტაბულამ“ განმარტა, რომ ბუდუ ზივზივაძის ქარდები მისი თხოვნით წაიშალა: „აღებამდე ჩვენ მას ვკითხეთ, რა გვეპასუხა ადამიანებისთვის, რომელთაც კითხვები გაუჩნდებოდათ. „ვემზადები ევროპისთვის და ზედმეტი აჟიოტაჟი არ მჭირდება“ - მოგვწერა მან“.

„ეს გადაწყვეტილება რედაქციამ თავად ფეხბურთელის თხოვნით მიიღო. მისი თქმით, თხოვნა ეფუძნება მოახლოებული ჩემპიონატის წინ დამატებითი ემოციებისა და აჟიოტაჟის თავიდან აცილების სურვილს“, - დაწერა „პუბლიკამ“.

თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო მრავალათასიან დემონსტრაციებს ბუდუ ზივზივაძე, რომელიც გერმანულ კლუბ „კარლსრუეში“ თამაშობს, არაერთხელ გამოეხმაურა. 2 მაისს მან აქციის მონაწილე ახალგაზრდებს სოლიდარობა გამოუცხადა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმები დაგმო. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ის წუხილს გამოთქვამდა, რომ ფეხბურთზე ფიქრისა და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადების ნაცვლად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირება უწევდა. „მაგრამ როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს. საქართველოს გზა ევროპაშია. ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, რომლებიც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის. ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა. მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო. მე ვარ საქართველო!“, - წერდა ბუდუ ზივზივაძე.

რუსული კანონის საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატა ეროვნული ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა, მათ შორის, გიორგი ქოჩორაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა, გიორგი მამარდაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ჯაბა კანკავამ და გიორგი ჩაკვეტაძემ.

ამ ფონზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ნაკრებს 30 მილიონ ლარს დაჰპირდა, ხოლო მთავრობამ ჩემპიონატზე გასვლისთვის გათვალისწინებული პრემია - 850 000 ლარი 3 მილიონამდე გაზარდა.

რამდენიმე დღის წინ, ეროვნული ნაკრების წევრმა და ყოფილმა კაპიტანმა ჯაბა კანკავამ დაწერა, რომ ის ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს: „მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი“.

კანკავა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს ორჯერ გამოეხმაურა. 17 აპრილს დაწერა: „რუსეთის დდშვც... საქართველო ევროპაში!“, 2 მაისს კი „მე იმ კაცის დედა *** ვინც პირველად რუსი აქო... არა რუსეთს“.

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).