ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა. „ქართუმ“ განცხადება დღეს, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვებიდან თითქმის ერთი თვის თავზე გამოაქვეყნა. ამ დაპირებას წინ უსწრებდა ნაკრების ფეხბურთელების მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.
სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს”, - ნათქვამია ივანიშვილის ფონდის განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ სწორედ საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში პარლამენტში ხელახლა დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების გამო უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს დააბრუნებდა. საზოგადოების პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, რომ ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის, მმართველმა პარტიამ ის პირველი მოსმენით მაინც მიიღო. პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ ამჯერად უკან აღარ დაიხევენ.
ეროვნული ნაკრებისა და ესპანური საფეხბურთო კლუბ „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აქციას „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელ Instagram-ზე გამოაქვეყნა აქციაზე გადაღებული ფოტო, სადაც ჩანდა მისი დისშვილი ევროკავშირის დროშით ხელში. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ფეხბურთელის მამა, როინ ქოჩორაშვილი „არის ნაცი, გახარიას პარტიის წარმომადგენელი“.
რუსული კანონთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია ნაკრების სხვა ფეხბურთელებმაც დააფიქსირეს:
ბუდუ ზივზივაძე: „არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია! მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას“.
გიორგი ჩაკვეტაძე: „საქართველო ევროპაში!“
ჯაბა კანკავა: „რუსეთის დდშვც...“
ხვიჩა კვარაცხელია: „ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ! მშვიდობა საქართველოს!“
გიორგი მამარდაშვილი: „საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის!“
ზურიკო დავითაშვილი: „საქართველოს გზა ევროპაშია, ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ! მშვიდობა საქართველოს“.
გიორგი წიტაიშვილი: „საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის“.
„ქართული ოცნება“ 29 აპრილს, რუსული კანონის მხარდასაჭერად „საყოველთაო-სახალხო შეკრებას“ მართავს პარლამენტის შენობის წინ, ზუსტად იმავე ადგილზე, სადაც ერთი კვირაა ყოველდღიურად იმართება აქციები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ. რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას ავალდებულებენ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს.
წინასწარი ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს მესამე და საბოლოო მოსმენით, ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშის პერიოდში მიიღებს.
„ევრო 2024“ გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველო გახსნით მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთთან ჩაატარებს, შემდეგ - 22 ივნისს, ჰამბურგში ჩეხეთს შეხვდება, 26 ივნისს კი გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.