ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამბობს, რომ მზად არიან, საკრუიზო გემი Astoria Grande სოხუმის პორტში მიიღონ და რუს ტურისტებს თბილად დახვდნენ. ბათუმში გამართულ აქციებს ბჟანია რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-სთან ინტერვიუში გამოეხმაურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო გემების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება. სიხარულით გეპატიჟებით აფხაზეთში და რუს ტურისტებს ვპირდებით თბილ დახვედრას აფხაზური სტუმართმოყვარეობის სულისკვეთებით“, - ამბობს ბჟანია.
ე.წ. პრეზიდენტის თქმით, სოხუმის საზღვაო პორტი ტექნიკურად მზადაა Astoria Grande-ს ტიპის გემების მისაღებად. ამის მაგალითად მან გემი „კნიაზ ვლადიმირი“ მოიყვანა, რომელიც ივნისის ბოლოდან სოჭსა და სოხუმს შორის ახორციელებს საკრუიზო მიმოსვლას. „თუ ჩვენ ღირსეულად დავხვდით „კნიაზ ვლადიმირის“ ლაინერს, მაშინ Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება ადგილი“, - აღნიშნა მან.
საკრუიზო გემი Astoria Grande, რომლიც სოჭის პორტიდან გამოვიდა და რუსეთის მოქალაქეები გადაჰყავს, ბათუმის პორტში 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში, ეს გემის მეორე ვიზიტი იყო ქართულ პორტში, რასაც მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სპეცრაზმის თანამშრომლების მობილიზება მოახდინა, გემამდე მისასვლელები კი რკინის ჯებირებით გადაკეტა. 31 ივლისს, დღის განმავლობაში, შსს-ს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით საპროტესტო აქციის 23 მონაწილე დააკავეს. რუსი ტურისტების ნაწილმა ბათუმის დასათვალიერებლად გემიდან ჩამოსვლა პოლიციის დახმარებით შეძლო. საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დღის ბოლოს, დაგეგმილზე რამდენიმე საათით ადრე დატოვა და თურქეთისკენ წავიდა, საიდანაც სოჭში 5 აგვისტოს დაბრუნდება.
მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საპროტესტო აქციას პროვოკაცია უწოდეს და მის მოწყობაში ოპოზიცია დაადანაშაულეს. მსგავსი შეფასება გააკეთა რუსეთის ფედერალური საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინმა: „სიძულვილის ბაცილა, რომელიც მათ რუსეთისა და რუსების მიმართ დანერგეს, ცოცხალია. ზოგჯერ გაქრობის პირასაა, შემდეგ კი თავიდან ჩნდება. საინტერესოა, რას მიაღწიეს მყვირალა-სააკაშვილებმა ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩასული ჩვენი ტურისტების წინააღმდეგ დემონსტრაციით? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობები? პასუხი ნათელია, მაგრამ მაინც...“, - განაცხადა მან.
Astoria Grande-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აგვისტოსა და მომდევნო თვეებში დაგეგმილი საკრუიზო მოგზაურობა ბათუმში გაჩერებას აღარ ითვალისწინებს. პროგრამაში ცვლილება სავარაუდოდ ბათუმში გამართული აქციების შემდეგ შევიდა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებდნენ, რომ Astoria Grande-ს თურქული საკრუიზო კომპანია ემსახურება, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. შესაბამისად, მას ქართულ პორტში შემოსვლის უფლება ჰქონდა.