ამერიკული ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლებს, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილს „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკში“ საკუთარ ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. ამის შესახებ ინფორმაცია 29 ოქტომბერს სოფო გელავას მეუღლემ, პარტია „ფედერალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 „ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი დააკავეს
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
გიორგი ნონიაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩხრეკის ჩატარებიდან 4 დღის შემდეგ, მის მეუღლეს პირად ანგარიშებსა და ბარათებზე წვდომა შეეზღუდა.
„ოფიციალურად ყადაღა არ ადევს ანგარიშებს, რაც ნიშნავს, რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ შეზღუდულია წვდომა და საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ სახელმწიფოს არაფორმალური ინსტრუქტაჟით“, - დაწერა Facebook-ზე გიორგი ნონიაშვილმა.
სოფო გელავას თქმით, ბანკში უთხრეს, რომ ტექნიკური ხარვეზი აქვთ, თუმცა შესაბამის ცნობას არ აძლევენ.
„უნდათ, რომ ზეპირი კომუნიკაციით დავკმაყოფილდე, თითქოს ეს არის ტექნიკური ხარვეზი. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩემი კოლეგის, ვისთანაც ასევე შევიდნენ 24 ოქტომბერს, ანგარიშიც არის შეჩერებული სხვა ბანკში და მასაც იგივე მიზეზს ეუბნებიან, ცხადია, ამას რეიდებს ვუკავშირებ. უბრალოდ, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თუ არის ყადაღა, მაშინ უნდა იყოს ყადაღა და სასამართლოს განჩინება, მაგრამ ეს ასე არ არის“, - ამბობს გელავა.
მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე განმარტავს, რომ ანგარიშის დაყადაღებას სასამართლოს განჩინება სჭირდება, ხოლო მაშინ, როდესაც სამართალდამცავ ორგანოებს განჩინება არ აქვთ, ასეთ საკითხებს სატელეფონო ზარით ან მიმართვის წერილით „აგვარებენ“.
„სწორედ ასეთი, სატელეფონო შეზღუდვა დაუწესეს სოფოსა და ეთოს, როცა არაფორმალური მოთხოვნით მიმართეს ბანკებს და სთხოვეს, ცოტა ხნით შეეფერხებინათ საბანკო ანგარიშებით სარგებლობა. და, სამწუხაროდ, ბანკში არავინ აღმოჩნდა, რომ ეთქვა, რომ, ხალხო, კი ბატონო, მაგრამ არ არის ამ ანგარიშებზე რამე საეჭვო ფულიო. უკანონობის ჩადენას რომ თავი დავანებოთ“, - აღნიშნავს თუთბერიძე.
დღის ბოლოს „თიბისი ბანკმა“ მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ადგილი ჰქონდა „მომხმარებლების მიმართ მომსახურების შეფერხებას“. ბანკში განმარტავენ, რომ „არსებული კანონმდებლობის, მათ შორის, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად“ მოქმედებენ.
„საქართველოს ბანკი“ ამ საკითხს ჯერ არ გამოხმაურებია.
24 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა „ატლატიკური საბჭოს“ (Atlantic Council) ქართველი თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ელექტრონული მოწყობილობები, ლეპტოპები და ტელეფონები ამოიღეს. ბუზიაშვილი და გელავა რუსულ დეზინფორმაციას იკვლევენ.
იმავე დღეს გაჩხრიკეს ბიზნეს სერვისების უმსხვილესი ამერიკული კომპანიის, Concentrix-ის ოფისიც, რომელიც ვაკეში მდებარეობს და ბიზნესმენ ვალერი ტყეშელაშვილის სახლი ქუთაისში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ ჩხრეკები მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა, რაც ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობას უკავშირდება. უწყებაში გამოძიება თაღლითობის, გადასახადებისთვის თავის არიდებისა და ფულის გათეთრების მუხლებით მიმდინარეობს.