დანიამ საქართველოსთან ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა და ხელისუფლების მხარდაჭერის სრულ გადახედვას აწარმოებს. ამის შესახებ წერია წერილში, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
წერილში ნათქვამია, რომ დანიამ და საქართველომ 2023 წელს დაიწყეს ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა, რომლის ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით 71.5 მილიონი დანიური კრონა (28 მილიონ ლარზე მეტი) იყო.
„მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება გადახედოს საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირ ფინანსურ დახმარებას, მათ შორის, შეაჩეროს ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში გადახდები, დანიამ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებისთვის ჩვენი ორმხრივი დახმარების და მხარდაჭერის სრული გადახედვა ჩაატაროს.
სანამ გადახედვა გრძელდება, დანია შეაჩერებს დაგეგმილ აქტივობებს და ახალ პროგრამულ მხარდაჭერას საქართველოს ხელისუფლებისთვის. დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას და დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც დანიასა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველია“, - ნათქვამია წერილში.
როგორც თეონა აქუბარდია ამბობს, „ქართული ოცნება“ ხალხს უმალავს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყნის სუვერენიტეტი და თავდაცვისუნარიანობა. დეპუტატის თქმით, გარდა იმისა, რომ რუსული კანონის მიღებით, ქვეყანას „დაეხურა კარი ევროკავშირის და ნატოს წევრობისკენ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-მუხლით გარანტირებული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია“, მნიშვნელოვნად დაზიანდა თავდაცვისუნარიანობაც, რომელსაც კონსტიტუციის 70-ე მუხლი ეხება.
„აშშ-მ გადახედა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და გააუქმა მრავალეროვანი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“. ამას მოჰყვა ევროკავშირის მხრიდან ევროპის მშვიდობის ფონდიდან 30 მილიონი ევროს გაყინვა, ისევე როგორც საფრანგეთის და გერმანიის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ განაცხადი. შედეგად კი მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა ჩვენმა ჯარმა, როგორც რეპუტაციულად, ასევე მატერიალურად“, - განაცხადა აქუბარდიამ.
თეონა აქუბარიამ დანიის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი თვის წინ გაავრცელა, დღეს კი ეს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული წერილით დაადასტურა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ დანიის დახმარების გაუფასურება სცადა. „რა 71 მილიონი, ხალხო? მილიარდზე მეტი აქვს დაფინანსება ჩვენს სახელმწიფო [თავდაცვის] ბიუჯეტს. ახლა პრემიერის გადაწყვეტილებით 100 მილიონი კიდევ დავუმატეთ. რა, ვინ... ვინ გაუკეთებს საბოტაჟს, ვინ დანია და ვინ რაღაცა. ეს მათ სინდისზე იყოს, თორემ ქართველი ბიჭები, ჩვენი მეომრები ყველა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდნენ“, - განაცხადა ზარქუამ.