ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანსა და თბილისის მერ კახა კალაძეს, რომელმაც „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან“ შერიგებაში დახმარებაზე სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ თქვა, რომ „კარგი იქნებოდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
- 6 „ქართულმა ოცნებამ“, 224 ხმით, საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
„გვსურს ქართველ პოლიტიკოსებს შევახსენოთ, რომ საქართველოს თავად აქვს დასარეგულირებელი ურთიერთობები რუსეთთან, რადგანაც, როგორც ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის მოცემულ მომენტში არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. ამიტომ წინასაარჩევნო მარათონის დროს „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ შესახებ მცდარი სტერეოტიპებით და სხვა მითიური ტერმინებით სპეკულირების ნაცვლად, ქართველ პოლიტიკოსებს მართებთ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით დაიწყონ“, - ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მათივე თქმით, „აფხაზეთის რესპუბლიკა“ და რუსეთის ფედერაცია სტრატეგიული მოკავშირეები არიან და აფხაზეთ-რუსეთის „სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები“ ეფუძნება ურთიერთსასარგებლო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც განსაზღვრავს აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობას და აფხაზეთის „სახელმწიფო საზღვრის“ ერთობლივ დაცვას.
„რაც შეეხება მომავალში მეზობელ საქართველოს სახელმწიფოსთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, - განაცხადეს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის, ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს საქართველოსა და მის „მეზობელ ქვეყნებს“ - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, თუ თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული განცხადება პოზიტიურად შეაფასა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. „თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან“, - განაცხადა კალაძემ.