რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მხარეთა დაინტერესების შემთხვევაში, რუსეთი მზად არის, ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს საქართველოსა და მის „მეზობელ ქვეყნებს“ - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლავროვს ჰკითხეს, რა კომენტარს გააკეთებდა საქართველოს ოფიციალური პირების ბოლოდროინდელ განცხადებებზე, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და შესაძლებლად მიაჩნია თუ არა რაიმე ახალი შეთანხმება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკებს შორის.
„აშკარაა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა პატიოსნად აფასებს წარსულს. მათ თქვეს, რომ ისტორიული შერიგება სურთ. რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს, თავად ქვეყნების - აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის - გადასაწყვეტია. ისინი საქართველოს მეზობლები არიან. რაიმე კონტაქტი გარდაუვალია. თუკი ყველა მხარეს იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზების, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველსაყოფის ინტერესი, რათა არავის აღარ გაუჩნდეს სურვილი… ჩვენ, მხარეთა დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით დასახმარებლად“, - განაცხადა ლავროვმა.
რაც შეეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, რუსი დიპლომატის თქმით, „ის, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, ყველასთვის ცნობილი იყო, შესაძლოა, დასავლელი კოლეგების და საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის გარდა“. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, სერგეი ლავროვის თქმით, გასაკვირი არაა.
ლავროვს ოკუპირებულ ცხინვალში გამოეხმაურნენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ახსარ ჯიოევმა თქვა, რომ „2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთის პოზიცია სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით უცვლელი რჩება“.
„რუსი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუწყონ მოლაპარაკებების პროცესს ჟენევის დისკუსიების ფორმატში, საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმებების მიღწევას, მათ შორის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის კუთხით. ფაქტობრივად, მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამას“, - განაცხადა ჯიოევმა.
როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთან ნებისმიერ ურთიერთობაში ისინი „აღიარებული სახელმწიფოს არსებული სტატუსიდან“ ამოდიან.
14 სექტემბერს, გორში, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.