თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებთ, ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას. ლავროვმა ოკუპირებულ ტერიტორიებს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს „მეზობელი ქვეყნები“ უწოდა და თქვა, რომ მზად არის, მათთან „ურთიერთობების ნორმალიზებაში“ დაგვეხმაროს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
კალაძის თქმით, მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რაც მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს.
„ამასთან დაკავშირებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთშერიგებით, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთპატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული, ასევე, შეცდომები რა გვაქვს დაშვებული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური „ნაციონალიური მოძრაობა“ თავისი მეპატრონეებით ქმნის.
რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია.
თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებთან მოხდეს შერიგება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთმიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება“, - განაცხადა კალაძემ მედიასთან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის, ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს საქართველოსა და მის „მეზობელ ქვეყნებს“ - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, თუ თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. გარდა ამისა, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებდა საქართველოს ოფიციალური პირების ბოლოდროინდელ განცხადებებზე, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, ლავროვმა განაცხადა, რომ „საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა პატიოსნად აფასებს წარსულს“.