„დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. ეს არ არის ადვილი პრიორიტეტი. ვიცი, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენითაა მიღებული. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი კომისიის რეკომენდაციები იქნას გათვალისწინებული. ეს კომისარმა ვარჰეიმაც ახსენა, როდესაც გასულ კვირას თბილისში იმყოფებოდა. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორ განავითარებს ამ პროცესს. როდესაც საუბარია დეოლიგარქიზაციაზე, ეს გულისხმობს ჩარჩოს, სისტემის შექმნას, სადაც არ არსებობს ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენა პოლიტიკაზე. ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ ეს კანონის მიღებით გააკეთონ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ელჩმა საქართველოს მხრიდან 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზეც ისაუბრა და თქვა, რომ ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, დასკვნას კი ოქტომბერში გამოაქვეყნებს.
„ამის შემდეგ, მომდევნო წლის ბოლომდე, ჩვენი ლიდერები, ევროპული საბჭო შეაფასებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს. დრო არის. მე ვიცი, რომ ქართულმა მხარემ საკუთარ თავს ამბიციური დროის პერიოდი დაუსახა და პარლამენტში მიმდინარეობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა. ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს პროცესი გაიმართოს ძალიან ინკლუზიურად და კონსტრუქციულად, სადაც ჩართული იქნება ყველა, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
პარლამენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ 2 კანონპროექტია ინიცირებული. ერთის ავტორი პარტია „ქართული ოცნებაა“, მეორე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა. მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო. ამ კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქი არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე სამ შემდეგ პირობას და ახორციელებს ზეგავლენას საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე: პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას; მისი ოჯახის წევრები ან დაკავშირებული პირები, მის მფლობელობაში არსებულ იურიდიულ სუბიექტებში დასაქმებული პირები იკავებენ სახელმწიფო-პოლიტიკურ, პოლიტიკურ ანდა სახელმწიფო თანამდებობებს; პირდაპირ ან ირიბად (მათ შორის, მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის მეშვეობით) ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედია მომსახურების საშუალებებზე; წარმოადგენს საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტი ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად; პირის ანდა სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მფლობელი პირის დადასტურებული აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%, ანდა მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს მიწის რესურსის 7%-ზე მეტი, სანქცირებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა პირებმა არაერთხელ თქვეს, რომ ოლიგარქია დავით კეზერაშვილი, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ წილის 51%-ის მესაკუთრეა. ოპოზიციური პარტიების განცხადებით კი ოლიგარქი არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებას არაფორმალურად მართავს.