ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკურმა პარტიამ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დონალდ ტრამპი ოფიციალურად წარადგინა. პარტიის ყრილობა ქალაქ მილუოკიში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 78 წლის დონალდ ტრამპმა შეკრებილ დელეგატებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იღებს ნომინაციას და კენჭს იყრის არა ნახევარი, არამედ მთელი ამერიკის პრეზიდენტად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ჩვენს საზოგადოებაში არსებული უთანხმოება და განხეთქილება უნდა განიკურნოს. რადგან ამერიკელებს გვაკავშირებს საერთო ბედი და განგება, მე ვაპირებ ვიყო მთელი ამერიკის პრეზიდენტი და არა პრეზიდენტი ნახევარი ამერიკისთვის, რადგან ნახევარი ამერიკის გამარჯვებით გამარჯვება არ მოიპოვება“, - თქვა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა 13 ივლისს მასზე განხორციელებულ თავდასხმაზეც ისაუბრა და ამერიკელებს სიყვარულისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
მან ტრადიციულად გააკრიტიკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, აღნიშნა, რომ დედამიწა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ტრამპი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ყველა საერთაშორისო კრიზისს, მათ შორის უკრაინისა და რუსეთის ომს, დაასრულებს, თუმცა კონკრეტულად როგორ, არ უთქვამს.
„ომი მძვინვარებს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, კონფლიქტის მზარდი აჩრდილი ადგას ტაივანს, კორეას, ფილიპინებს და მთელ აზიას და ჩვენი პლანეტა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა და ეს იქნება ისეთი ომი, როგორიც მანამდე არ ყოფილა.
მე დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ შექმნა, მათ შორის, საშინელ ომს რუსეთთან და უკრაინასთან, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და ისრაელზე თავდასხმით გამოწვეულ ომს, რომელიც არასდროს მოხდებოდა ჩემი პრეზიდენტობის დროს,“ - განაცხადა ტრამპმა დასკვნით გამოსვლაში.
ყრილობის დროს დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოს შტატის სენატორი, 39 წლის ჯეი დი ვანსი დაასახელა.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის ოპონენტი დემოკრატი ჯო ბაიდენია, რომელსაც კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებენ. 81 წლის მოქმედი პრეზიდენტი ამჟამად კოვიდით არის დაავადებული და თვითიზოლაციაში იმყოფება.
როგორც Washington Post-ის წერს, აშშ-ის ექსპრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მოკავშირეებს განუცხადა, რომ ბაიდენმა სერიოზულად უნდა გადასინჯოს თავისი ხელახალი არჩევის შესაძლებლობა და რომ მისი გამარჯვების შანსები „მნიშვნელოვნად შემცირებულია“. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ვიცე-პრეზიდენტი სწორედ ჯო ბაიდენი იყო.
პრეზიდენტი ბაიდენი უარყოფს შეშფოთებას მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და აცხადებს, რომ არჩევნებში კანდიდატობის მოხსნას არ აპირებს.
მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი 2017-2020 წლებში უკვე იყო აშშ-ის პრეზიდენტი. მან კენჭი 2020 წლის ნოემბრის არჩევნებშიც იყარა, თუმცა მაშინ ბაიდენთან დამარცხდა. ტრამპი აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომაც დამარცხებას არ აღიარებდა.