ამერიკის შეერთებული სტატების ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს პენსილვანიის შტატში, ქალაქ ბატლერში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, თავს დაესხნენ. სროლის ხმა იმ დროს გაისმა, როდესაც ტრამპი ტრიბუნასთან იდგა და სიტყვით გამოდიოდა. ყოფილი პრეზიდენტი სცენიდან საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს. თავდამსხმელი მოკლულია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
ინციდენტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი წერს, რომ ტყვიამ მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა. მან საავადმყოფო უკვე დატოვა.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა, რომელიც ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ამაღლებული პოზიციიდან სცენისკენ რამდენიმე გასროლა განახორციელა. ის სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. ასევე, დაიღუპა შეხვედრის ერთი მონაწილე, ორი კი მძიმედ დაიჭრა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. FBI-მ მომხდარს მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მისცა.
„ამ საღამოს მოხდა ის, რასაც ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას ვუწოდებთ“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე FBI-ის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ოპერატიული სამსახურები მუშაობას აგრძელებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მისი საარჩევნო კონკურენტის წინააღმდეგ ძალადობა დაგმო და ტრამპისადმი მხარდაჭერა გამოხატა: „ამგვარი ძალადობის ადგილი ამერიკაში არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, როგორც ერი და დავგმოთ ის“, - განაცხადა ბაიდენმა.
მომხდარის მიუხედავად, რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა არ გააუქმა 15-18 ივლისს დაგეგმილი ეროვნული ყრილობა, რომელზეც დონალდ ტრამპს ოფიციალურად დაასახელებენ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად. მასში მონაწილეობას თავად ტრამპიც აპირებს.
დონალდ ტრამპზე თავდასხმას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გამოიეხმაურნენ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების მიხედვით, მომხდართან „გლობალური ომის პარტიაა“ დაკავშირებული.
„გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს“, - წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშოა „დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა“. ის ტრამპს გამოჯანმრთელებას და საარჩევნო ბრძოლაში სწრაფად დაბრუნებას უსურვებს.
„პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება „გლობალური ომის პარტიის“ და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა. საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, „გლობალური ომის პარტია“ არ არსებობს, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონაო…“ - წერს მდინარაძე Facebook-ზე.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს. მან გამოჯანმრთელება უსურვა ტრამპსა და ყველა დაშავებულს, ასევე მიუსამძირა შეხვედრის დაღუპული მონაწილის ოჯახს.