ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება და ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. როგორც „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, მათი ერთადერთი მოთხოვნა პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 4 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 5 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
- 6 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
ადგურ არძინბამ ამ ეტაპზე არსებული ვითარება დე ფაქტო პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს გააცნო. მისი თქმით, ალან ბაჟანია ცდილობს, დეზინფორმაცია მიაწოდოს სტრატეგიულ პარტნიორს (რუსეთს) იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება გარკვეული პროთურქული, პროდასავლური ძალების მიერ.
„მოცემულ მომენტში ის ზის და რეკავს მოსკოვში ასეთი დღის წესრიგით. ეს აბსოლუტური სიცრუეა. ჩვენ ჯერ კიდევ წუხელ, ბოლო მცდელობა გამოვიყენეთ და შევხვდით პარლამენტის დეპუტატებს, ვთხოვეთ, რომ ეს საკითხი, რომელიც მთელ ჩვენს საზოგადოებას აწუხებს, მოეხსნათ დღის წესრიგიდან, რათა ხალხი დამშვიდებულიყო. ჩვენი წინადადება უგულებელყვეს. უფრო მეტიც, დღეს, როდესაც პარლამენტის შენობასთან შევიკრიბეთ, პარლამენტს ვთხოვეთ, ჩაეტარებინა სხდომა და ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოეხსნა. მთავარი იდეა, მთავარი გზავნილი მდგომარეობდა იმაში, რომ რამდენიმე თვეში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.
არავის, ვინც აქ დგას, არ სურდა, მოვლენების ისე განვითარება, როგორც განვითარდა. ამიტომ ვაფრთხილებდით, პრეზიდენტს უკან გაეხმო თავისი ანტიეროვნული ინიციატივა, გასულიყო არჩევნებზე და გვენახა, ხალხი თუ დაუჭერდა მხარს“, - განაცხადა ადგურ არძინბამ.
ე.წ. ოპოზიციის ლიდერის თქმით, ასლან ბჟანია ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში უარს ამბობდა ნებისნმიერ დიალოგზე და ოპოზიიცის წევრებს ექსტრემისტებს უწოდებდა.
„ამის მიუხედავად, ჩვენ ვცდილობდით ხელისუფლებამდე მიგვეტანა, რომ სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გამხდარიყო, რომ ეს ჩვენ არ გვჭიდებოდა და გვინდოდა არჩევნებამდე წყნარად მისვლა.
შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცით. დეპუტატებმა ვერ შეძლეს იმ რაოდენობით შეკრება, რომ სხდომა ჩაეტარებინათ, პრეზიდენტმა არაფრად ჩააგდო საზოგადოების დასაბუთებული წინადადებები და მოხდა ის, რაც მოხდა.
ახლა, ამ ეტაპზე, ჩამოყალიბდა დეპუტატების ჯგუფი, რომელიც გაგზავნილია პრეზიდენტთან ერთადერთი საკითხით - პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ამ მომენტში ველოდებით პასუხს. ჩვენ ამას ვითხოვთ იმიტომ, რომ ვითარება კიდევ უფრო არ დამძიმდეს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი, ვინც მოლაპარაკებებზე წავიდნენ, უკან დადებითი პასუხით დაბრუნდებიან“, - აღნიშნა არძინბამ.
ასლან ბჟანიას ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 2025 წლის გაზაფხულზე ეწურება.
დღეს, 15 ნოემბერს, ე.წ. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები სოხუმში, დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა რუსეთთან გაფორმებული „საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიკაციაზე უარის თქმა იყო.
იმის გამო, რომ ე.წ. დეპუტატებმა დღის წესრიგის დამტკიცება ვერ შეძლეს, სხდომა ჩაიშალა. დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა, ასევე, პარლამენტში მყოფმა ეკონომიკის მინისტრმა, შენობა დატოვეს. ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის ხელახალი შეკრება და შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ კენჭისყრა მოითხოვეს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა სატვირთო მანქანით გაარღვიეს რკინის ღობე და ჯერ პარლამენტის ეზოში, შემდეგ კი შენობაში შეაღწიეს. მოგვიანებით მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც დაიკავეს და ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნა წამოაყენეს.
„საინვესტიციო შეთანხმება“, რომელიც აფხაზეთში რუსულ კომპანიებისთვის შეღავათების მინიჭებას ითვალისწინებს, 30 ოქტომბერს, მოსკოვში გაფორმდა. მას ხელი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა მოაწერეს. დე ფაქტო მთავრობა ამტკიცებს, რომ ინვესტიციები აფხაზეთის ეკონომიკური სტაბილურობისთვისაა აუცილებელი, შეთანხმების მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ ის ანტიეროვნულია, უთანასწორო პირობებში აყენებს ადგილობრივ კომპანიებს და მხოლოდ ოლიგარქებს მოუტანს სარგებელს.