საქართველო-საბერძნეთის ფინალურ მატჩზე გამოძახებული საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 ფეხბურთელი, ასევე, ნაკრების საწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
„ისინი ნამდვილად ღირსეული ადამიანები არიან. ეს არის ერთგვარი მინიმალური დაფასება, რომელიც მათ შეიძლება ქვეყნისგან და სახელმწიფოსგან მიიღონ. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ჩვენს ნაკრებს და ფედერაციას. დარწმუნებული ვარ, წინ გველის კიდევ ძალიან ბევრი გამარჯვება და წარმატებები. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ. დღეს ფეხბურთია ერთადერთი აქტუალური თემა, აქედან გამომდინარე, სხვა საკითხებზე არ მგონია განცხადების გაკეთება ღირდეს“, - განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი ოფიციალური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა. ღირსების ორდენზე წარდგენილნი არიან:
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ჯაბა კანკავა, ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია;
ნაკრების მწვრთნელები: ვილი სანიოლი, ადელ შედლი, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით გვარამაძე, ირაკლი ჩიტაური, ლევან ზამთარაძე, ფაბიენ ბოსუე, დევით ვები;
ასევე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტები – ნიკოლოზ ჟღარკავა, ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი და ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე.
ნაკრების პერსონალი: გიორგი კაციტაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, დავით ხარაბაძე, გიორგი ჩანგელია, მიხეილ აბრამიშვილი, გიორგი ბჟალავა, თენგიზ გულბიანი, გიორგი ქოჩლაძე, გრიგოლ ლეჟავა, გელა გუჩუა, გიორგი დუღაძე, კონსტანტინე თედელური.
26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ კანონის მიხედვით, ღირსების ორდენით ჯილდოვდება პირი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში – მმართველობის, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს, კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების ან ლიტერატურის დარგის განვითარებაში − შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სპორტული მიღწევისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ღირსების ორდენით აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის, UFC-ის გამარჯვებული ქვემსუბუქ წონაში, ქართველი პროფესიონალი მებრძოლი ილია თოფურია დააჯილდოვა.
