„ყველაზე უფრო მეტად ეს დღე თქვენი დღეა, რამეთუ ომის, ოკუპაციის და სხვა ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა თავისი თქვა, თავისი გზა აირჩია და აღარ უყოყმანია ამ გზაზე. რამეთუ ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი კულტურის, იდენტობის, დაცულობის, მშვიდობის და ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა. სხვა გზა კი მონობამდე და ჩვენი თავის დაკარგვამდე მიდის და ეს ქართველ ხალხს არ ეხმარება“, - ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას და ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაციის გაცემა მიულოცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„გილოცავთ აქ, საქართველოში და ვინც საზღვრების მიღმა, იქ ხართ და იქიდან გვიყურებთ. გილოცავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა მცხოვრებთ, რამეთუ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ჩვენი ევროპული მომავალი თქვენი მომავალიცაა. გილოცავთ, რამეთუ ეს დღე თქვენ გეკუთვნით. ეს დღე საქართველოს მიღწევაა. დღეს მე ნამდვილად მიხარია. დღეს ჩვენ ყველას ერთად გვიხარია. ეს დღე ჩვენი წინაპრებისაა, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიის წინსვლისთვის იბრძოდნენ და სიცოცხლე შესწირეს.
ეს დღე აუცილებლად ილიასია, რადგან დღეს მისი დაბადების დღეა, მაგრამ ეს დღე ასევე აკაკისია, ნიკოსი, ვაჟასი, სულხან-საბასი, ერეკლესი და შეუძლებელია ყველა ჩამოვთვალო, იმიტომ, რომ ეს დღე არის ჩვენი ყველასი ერთად, ვინც საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ფორმით იზიარებდა ამ უდიდეს მისწრაფებას, რომ საქართველო გამხდარიყო იმ ცივილიზებული ოჯახის წევრი, რომელსაც ჰქვია ევროპა, ევროპული ცივილიზაცია, ევროპული კულტურა, ჩვენი კულტურისა და ჩვენი იდენტობის საფუძველზე.
ეს დღე ზვიადის და მერაბისაა. ეს დღე ასევე ზურა ჟვანიასი და ამ ქვეყნის ყველა მეთაურისა, რომლებმაც ამ დიდ საქმეში წვლილი შეიტანეს, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად ეს დღე თქვენი დღეა.
ეს დღე არანაკლებად იმათი დღეა, ვინც ამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და დღევანდელ დღეს ვერ დაესწრო. ვინც ამ ქვეყნის უსამართლო და ტრაგიკულ ოკუპაციას ემსხვერპლა, ყველას დღეა, რამეთუ ამ შეუპოვარი სამშობლოს სიყვარულზე დგას ჩვენი წარსულიც და ჩვენი მომავალი.
ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ოკუპაციას, ყველა მის უღირსობაზე და ეს არის ყველას გამარჯვება, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა და დღევანდელ დღეს სინამდვილეში აქ არის, ჩვენთან ერთად არიან. იმიტომ, რომ ამ დღისთვის იბრძოდნენ“, - მიმართა პრეზიდენტმა შეკრებილ მოქალაქეებს.
ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებას უცხოელი დიპლომატები და ქართველი პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ.
პრეზიდენტის ინიციატივით, ხალხმა დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ესაუბრა უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს და მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღე მიულოცა. ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვაზე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების შესახებ რეკომენდაცია გასცა.
საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო კამპანია ჩვენი ხმა ევროპას. ზურაბიშვილის განცხადებით, საჭიროა, ევროპელ ლიდერებს ხმა მიაწვდინონ, დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მიმართვაზე ხელმოწერა შესაძლებელია ორბელიანების სასახლეში და ონლაინ.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ - ევროპის ლიდერებს, დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.
მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ - ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!
საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“, - ნათქვამია მიმართვაში.
8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ზოგიერთი რეფორმის განხორციელების პირობით. სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს სამიტზე უნდა მიიღონ.