საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკრიტიკა რეზოლუციის პროექტი, რომელის მიღებასაც ევროპარლამენტის წევრები დღეს, 9 ოქტომბერს განიხილავენ. პაპუაშვილმა დოკუმენტის შეფასებისას გამოიყენა იგივე სიტყვები, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერები შეაფასა და თქვა, რომ რეზოლუცია „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ჩანაწერი, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება. ეს ევროპარლამენტის უკვე მესამე რეზოლუციაა, რომლითაც ცალკეული ძალები ევროკავშირის ოფიციალურ ინსტიტუტებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისთვის და პირადი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებენ.
ადამიანზე, რომლის წვლილიც განმსაზღვრელია იმაში, რომ მუდმივად ომის ქარცეცხლში გახვეული საქართველო, უკვე წლებია ინარჩუნებს მშვიდობას და არ გახდა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ადგილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან სამარცხვინო უწოდა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე ჩანაწერს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტი „უკვე მერამდენედ, უკანონო ზეწოლით ცდილობს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნას“.
პაპუაშვილის თქმით, რეზოლუციით ევროკავშირის და ნატოს უსაფრთხოების ქოლგით დაცული ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოსგან რუსეთთან ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას ითხოვენ.
„ამაზრზენია საქართველოს მიმართ რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები. ... ამ რეზოლუციამ ნათელი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ რა წნეხის ქვეშ იყო მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლება. სწორედ ეს, და ზოგიერთი სხვა ნაბიჯიც, იყო ის, რასაც ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ზოგიერთი აქტორი დახურულ კარს მიღმა ჩვენგან დაჟინებით ითხოვდა“, - თქვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტში აღნიშნული რეზოლუციის ინიცირება „ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, რაც კატეგორიულ წინააღმდეგობაშია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან“. შალვა პაპუაშვილმა „ყველა უცხოელ აქტორს“ მოუწოდა, პატივი სცენ არჩევნების გარე გავლენებისგან თავისუფლად ჩატარების სუვერენულ უფლებას.
„ჩემი მტკიცე მოლოდინია, რომ ევროპარლამენტი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს და, ასევე, მოუწოდებს ოპოზიციას და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, მიიღონ ქართველი ხალხის არჩევანი, როგორც დემოკრატიის ვერდიქტი“, - დასძინა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტის რამდენიმე ჯგუფი ერთობლივ რეზოლუციაზე შეთანხმდა, რომელსაც კენჭი დღეს ეყრება. „საქართველოში დემოკრატიული უკანდახევისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“ რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც საქართველოში ამ წლის განმავლობაში და განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ განვითარდა.
ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონების მიღებას, ასევე, საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული არის ინსტრუმენტები, რომლებსაც მთავრობა გამოხატვის თავისუფლების დარღვევის, მედიის ცენზურის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკულ ხმებზე შეზღუდვის დაწესების ან მოწყვლადი ადამიანების დისკრიმინაციის მიზნით გამოიყენებს. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ეს კანონები შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამასთან, ევროპარლამენტი მტკიცედ ხაზს უსვამს, რომ თუ ზემოაღნიშნული კანონმდებლობა არ გაუქმდება, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში წინსვლა ვერ მოხდება.
რეზოლუციის პროექტში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც „საქართველოს ოლიგარქი“. იგი გმობს ივანიშვილისა და ხელისუფლების წამყვანი ფიგურების კომენტარებს, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვით იმუქრებიან და ოპოზიციას „კრიმინალურ პოლიტიკურ ძალად“ მოიხსენიებენ. „ასეთი დაშინება სერიოზულად ძირს უთხრის პოლიტიკურ პროცესს და გამოხატვის თავისუფლებას და ხელს უწყობს შიშის გარემოს შექმნას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტი გმობს ბიძინა ივანიშვილის „პირად როლს“ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და კიდევ ერთი მცდელობაში, „შეირყეს ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაცია რუსეთისკენ მოქცევის სასარგებლოდ“.
აღნიშნული რეზოლუციით, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ევროპარლამენტი გაიმეორებს თავის მოწოდებას ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ ივანიშვილი.
რეზოლუციის პროექტში გამოხატულია ღრმა შეშფოთება საქართველოში რუსეთის გავლენის, მათ შორის რუსეთიდან გაზრდილი იმიგრაციის და ამ ქვეყანასთან გაზრდილი სავაჭრო კავშირების გამო, ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მზადაა, განაგრძოს რუსეთთან შერიგება უკრაინაში რუსეთის ომისა და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციის მიუხედავად. რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას რუსეთს დაუწესოს სანქციები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საპასუხოდ, გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების წინა პოლიტიკა და პატივი სცეს მის ვალდებულებას, განახორციელოს ეფექტური ზომები ევროპული სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს მთავრობას ასევე მოუწოდებენ, სრულად შეუერთდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ევროკავშირის სტრატეგიას რუსეთის მიმართ.
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ევროპარლამენტი მტკიცედ იმეორებს თავის მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ საზღვარგარეთ სამკურნალოდ მკურნალობის მიზნით.
საერთო რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან „ევროპის სახალხო პარტიის“ (PPE), „განაახლე ევროპის“ (Renew), „ევროპის თავისუფლების ალიანსის“, (Verts/ALE), „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ (S&D), „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ (ECR) ჯგუფები.