ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა (AFET) კრიტიკული ანგარიში დაამტკიცა, რომელიც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ეხმაურება. დოკუმენტს მხარი 53-მა დეპუტატმა დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო ორმა თავი შეიკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გადადგამს თუ არა ის ხელშესახებ ნაბიჯებს დემოკრატიული უკუსვლის, შეზღუდვებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული, რუსული სტილის მწვავე დეზინფორმაციის შესაჩერებლად.
დოკუმენტში შესული შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული მედიასაშუალებების, მათ შორის ტელეკომპანიების, „იმედის“, „პოსტივისა“ და „რუსთავი 2“-ის როლს ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატების წინააღმდეგ სისტემატური დეზინფორმაციის, დისკრედიტაციის კამპანიებისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში. ანგარიში მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ მსგავსი მედიასაშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიჰყვნენ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს და მიიღონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარები ითხოვენ ევროკავშირის სანქციების სიაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წევრების შეყვანას.
ანგარიშში უცვლელი რჩება ევროპარლამენტის წინა პოზიცია, რომელიც საქართველოს პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარებას გულისხმობს. ევროპარლამენტარები 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მკაცრად გმობენ „ქართული ოცნების“ დაჩქარებულ კურსს სრული ავტორიტარიზმისკენ. ეს გამოიხატება პოლიტიკურ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირებისა და უწყებების დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებაში, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების შევიწროებაში, ოპოზიციის ლიდერების დევნასა და იმგვარი შემზღუდავი კანონების მიღებაში, რომლებიც მიზანში იღებს ოპოზიციურ ხმებს, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. აღნიშნული ასევე მოიცავს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას, მრავალპარტიული საარჩევნო გარემოს მოშლასა და აკადემიურ სივრცეებზე კონტროლის დამყარებას, რასაც თან ერთვის ბრალდებები პოლიციის მხრიდან დემონსტრანტებისა და დაკავებულების, მათ შორის პოლიტპატიმრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების, წამებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ.
ანგარიშის მომხსენებლის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, საქართველოში პროგრესი არ შეინიშნება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააძლიერა რეპრესიები, მიზანში ამოიღო ოპოზიციური პარტიები, დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება, პარალელურად კი სისტემატურად ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
დოკუმენტის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების, ასევე მმართველი პარტიის ხელმძღვანელობისა და მთავარი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიზნობრივი პერსონალური სანქციების დაწესება.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დააწესონ კოორდინირებული შეზღუდვები, რაც აქტივების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს გულისხმობს. ამასთან დაკავშირებით, რასა იუკნევიჩიენემ იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთის ახალი მთავრობა სანქციების დამტკიცებას აღარ შეაფერხებს.
ამას გარდა, ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი პოლიტპატიმრების საკითხი და მოთხოვნილია მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება, განსაკუთრებული ყურადღება კი სახაროვის პრემიის ლაურეატის, „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზეა გამახვილებული. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ პოლიტპატიმრების არსებობა შეუთავსებელია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებასთან.
დოკუმენტი ასევე გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის შესაძლო ხელშეწყობაზე და ითხოვს ქმედითი მონიტორინგის მექანიზმების ამოქმედებას.
ამასთანავე, ანგარიშში მკაფიოდ არის გამოხატული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის.
კენჭისყრამდე რასა იუკნევიჩიენემ აღნიშნა, რომ საქართველოზე ანგარიშს ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტისა და სომხეთ-ევროკავშირის პირველი ორმხრივი სამიტის პარალელურად იღებდნენ.
„ვფიქრობ, ყველა პროევროპელი ქართველი მოხარულია, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროპული პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება იმის გამო, რომ თბილისი ამ პროცესებს მიღმაა დარჩენილი, ამ დროისთვის. მე მჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის“, - თქვა იუკნევიჩიენემ.
ანგარიში საბოლოო დასამტკიცებლად ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიში საქართველოს შესახებ „სრულიად აცდენილია რეალობას, ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით, აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით ტირაჟირებას უკეთებს დეზინფორმაციას, რითაც ზიანს აყენებს ევროპარლამენტის რეპუტაციას, არყევს ქართული საზოგადოების ნდობას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ, რაც აისახება საზოგადოების განწყობებში და პოლიტიკური წრეების სამართლიან პროტესტში.
შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენება ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ქართულ საზოგადოებაზე და ფასეულობებზე მიზანმიმართული თავდასხმებისთვის, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რაც უხეშად ლახავს ერის რელიგიურ გრძნობებს.
ანგარიში წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ხალხისგან გამიჯვნის, ანტიდემოკრატიული პროცესებისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობას.
მიუღებელია ქართული საზოგადოების შანტაჟი და მუქარა, რაც წარმოადგენს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას და იწვევს ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სამართლიან შეშფოთებას.
მიუღებელია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების და გეოპოლიტიკური საკითხების ინსტრუმენტალიზაცია, ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ისეთი წინაპირობების დაყენების მცდელობები, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და რეგიონში ესკალაციის დამატებითი რისკების შექმნას.
ევროკავშირის ინსტიტუტის მხრიდან ამგვარი უსამართლო დამოკიდებულება ძირს უთხრის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და აზიანებს ჩვენს საერთო ინტერესებს.
საქართველო, როგორც ევროკავშირის პასუხისმგებლიანი და ერთგული პარტნიორი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას პატივისცემაზე, ნდობაზე და საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის და მოელის ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან კონსტრუქციულ და სამართლიან მიდგომას“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს განცხადება იმეორებს „ქართული ოცნების“ ბოლო დროის ანტიდასავლურ რიტორიკას. „ქართული ოცნება“ ევროპული სტრუქტურების კრიტიკულ ანგარიშებს რეგულარულად პასუხობს ეკლესიაზე თავდასხმის, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისა და „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობის ბრალდებებით. მსგავსი ნარატივები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ფასდება როგორც დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანიც ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევაა.
