საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსული კანონი უკან გაიწვიოს. ამის შესახებ განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 5 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 6 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
„არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ მოზარდებს, რომლებიც სიხარულით სტადიონზე გადახტნენ და მთელი ღამე, დროშით ხელში, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე იარეს.
დაუჯერებელია, რომ წარსულის ამდენი მაგალითი საკმარისი არ არის და საკუთარი ამბიციების თუ თავსმოხვეული თემების გატანა კვლავ ასეთი ფორმით ხდება. ხანდახან ჩუმად ყოფნა სჯობს, იმიტომ რომ ვხედავ თაობას, რომელიც ჩვენზე მეტს შეძლებს და ნაწილობრივ უკვე აკეთებს.
ხანდახან არაფრის თქმა სჯობს იმიტომაც, რომ ზოგჯერ ქმედების დროა და არა ლაპარაკის, მაგრამ დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს. არ გვჭირდება არავინ და არაფერი, რომელიც ძირს გამოგვითხრის, ყველას და ყველაფერს დაგვაპირისპირებს. გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა“, - წერს არველაძე.
რუსული კანონის წინააღმდეგ ხალხმრავალი აქციები 15 აპრილიდან, თბილისში ყოველდღე იმართება. 30 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია იმის გამო, რომ რუსული კანონის მხარდამჭერ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტი მშვიდად დაეტოვებინათ. მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რისი საფუძველიც, სახალხო დამცველის შეფასებით, შსს-ს არ ჰქონდა. გარდა ამისა, სპეცრაზმელებმა მოქალაქეებზე იძალადეს, სასტიკად სცემეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს. აქციაზე დაშავდნენ ჟურნალისტებიც. შსს-მ 63 პირი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავა.
„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა.
რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან. 17 აპრილს, 83-მა დეპუტატმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
