რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 პირი დააკავეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო: AP/ზურაბ ცერცვაძე

რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციაზე 63 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლითაც აწარმოებს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას.

„აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს. ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო ექვსმა პოლიციელმა, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილები არიან კლინიკებში“, - განაცხადა დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, დაახლოებით, 22:15 საათზე, პოლიციამ თანმიმდევრულად დაიწყო ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენება. დარახველიძე ირწმუნება, რომ ეს გაფრთხილების შემდეგ მოხდა, რასაც წუხანდელი აქციის მონაწილეები უარყოფენ.

„სამართალდამცველების მიერ, სპეციალური საშუალების, წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ, ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა, აქციის მონაწილეთა ქმედებები მალევე გადაიზარდა კვლავ ძალადობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების, ასევე, ადგილზე სპეციალური ხმოვანი საშუალებით აქციის მონაწილეთა გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით 23:40 საათზე, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვა სპეციალური საშუალებებთან ერთად გამოიყენეს წყლის ჭავლი.

რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე ძალადობრივი ქმედებები, რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც სპეციალური საშუალების გამოყენება პოლიციას არაერთხელ მოუხდა“, - განაცხადა დარახველიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობრივ ქმედებებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც ადანაშაულებს. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება“.

30 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის პარალელურად, თბილისში მორიგი აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, მათი ნაწილი კი მივიდა პარლამენტის შესასვლელებთან, საიდანაც სესიის დასრულების შემდეგ რუსული კანონის ავტორი და მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ დეპუტატები უნდა გამოსულიყვნენ. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. მშვიდობიანი აქციის დასაშლელად წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ძალოვანები ახალგაზრდებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სპეცრაზმის თანამშრომლებმა სცემეს. მას ცხვირის ძვლები აქვს მოტეხილი, ჩამტვრეული აქვს კბილები და დაზიანებული აქვს თვალი. 

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ აქცია მშვიდობიანი იყო და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).