„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სასტიკად სცემეს, პარლამენტში ეტლით მივიდა. პლენარულ სხდომაზე ხაბეიშვილმა თქვა, რომ პეცრაზმელები ხელისუფლების კრიტიკის გამო გაუსწორდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ახალგაზრდა ბავშვს ითრევდნენ რობოკოპები, როცა აქციაზე ინტერვიუს ვაძლევდი და ეს პირდაპირ ეთერში იყო. ცხადია, როგორც კი დავინახე, ეს ბავშვი შეჰყავდათ, გავემართე მისკენ - იქნებ, არ წაიყვანოთ, ბავშვია და ასე არ მოექცეთ მეთქი. ამის შემდეგ სპეცრაზმის, უფრო სწორად, „ხარებას“ დაჯგუფების ალყაში მოვხვდი. დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში აგრძელებდნენ [ცემას] და მინდა გითხრათ, რას ამბობდნენ. როცა მირტყამდნენ, მეუბნებოდნენ: შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად, იქნებ გაჩერდე. იძახოდნენ: მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა. ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა, რომ ჩმორი ვარ და ამ შემთხვევაში აღარ გამლახავდნენ.

ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი. ეს გადაღებული აქვთ ტელეფონით და თქვენ [„ქართული ოცნების“ წევრებს] მაინც განახებენ. ასე ამბობდნენ, თუ ვეტყოდი, რომ ჩმორი ვარ, აღარ დამარტყამდნენ. ამაზე პასუხი როცა მიიღეს, კიდევ უფრო მაგრად მომხვდა. ეს არის რუსეთი, რასაც ჩემს სხეულზე ხედავთ და სამწუხაროდ, ასე გაიღვიძა ძალიან ბევრმა ბავშვმა. თქვენ შეიძლება გაგიხარდათ, ხაბეიშვილს ასე რომ აქვს, მაგრამ ჩვენს შვილებს დასდევდნენ იქ“, - განაცხადა სხომათა დარბაზში ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, შეწყვიტოს რუსული კანონის განხილვა.

„მახსოვს, უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, ერთი ახალგაზრდის თმის ღერიც არ გვიღირს არანაირ კანონადო. მიუხედავად ყველაფრისა, აღდგომის კვირაა და ღმერთმა შეუნდოს ყველას, ვინც ასე მოიქცა, მაგრამ

მე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, ჩემი თვალი თუ არ გაინტერესებთ - მთავარი ოპოზციური პარტიის თავმჯდომარეს ასე რომ უსწორდებიან, ქვეყანაში მაინცდამაინც დემოკრატიის მაჩვენებელი არ არის - იმ ახალგაზრდების გამო, ვისაც თმის ღერიც ჩამოუვარდა, თავის ქალაშიც ურტყეს და დაალურჯეს, იქნებ, ეს კანონი გაიტანოთ.

არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი. ამ თვალიდან შეიძლება ვერ გამოვიხედო, მაგრამ ქვეყანა გამოიხედავს 5 თვის მერე. გთხოვთ, შეწყვიტეთ კანონის განხილვა. 5 თვეშია არჩევნები და ხალხმა გადაწყვიტოს. თუ ამას არ გააკეთებთ, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, გამოდით ყველა და დაიცავით საქართველოს ეროვნული ინტერესები“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

30 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის პარალელურად, თბილისში მორიგი აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, მათი ნაწილი კი მივიდა პარლამენტის შესასვლელებთან, საიდანაც სესიის დასრულების შემდეგ რუსული კანონის ავტორი და მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ დეპუტატები უნდა გამოსულიყვნენ. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. მშვიდობიანი აქციის დასაშლელად წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ძალოვანები ახალგაზრდებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. სახალხო დამცველის შეფასებით, აქცია მშვიდობიანი იყო და შსს-ს მხრიდან ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მის მიმართ მიზანმიმართული სადამსჯელო ღონისძიება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“ განახორციელა. ხაბეიშვილს ცხვირის ძვლები აქვს მოტეხილი, ჩამტვრეული აქვს კბილები და დაზიანებული აქვს თვალი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ  დეპუტატის ცემის ფაქტი არ დაადასტურა. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილი თვითონ შეიჭრა პოლიციის კორდონში და წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე 63 პირი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).