შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე სპეცრაზმის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს არ ადასტურებს. დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხაბეიშვილი თვითონ შეიჭრა პოლიციის კორდონში და წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 4 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 5 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 6 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
„საზოგადოებამ კარგად ნახა და ეს სხვადასხვა არხის პირდაპირ ეთერებშიც კარგად ჩანდა, რომ არა მხოლოდ აქციის მონაწილეების, არამედ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მუდმივად სჩადიოდნენ ძალადობრივ ქმედებებს. კადრებშიც კარგად ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრს, ლევან ხაბეიშვილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიტიკოსის თქმით, მის მიმართ მიზანმიმართული სადამსჯელო ღონისძიება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“ განახორციელა. ლევან ხაბეიშვილი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. მას მოტეხილი აქვს ცხვირის ძვლები, ჩამტვრეული აქვს კბილები და დაზიანებული აქვს თვალი.
„არიან თვითმხილველები, როგორ მოხდა ლევან ხაბეიშვილის გატაცება. ის ცდილობდა დახმარებოდა ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომელიც სპეცრაზმელების ქმედებებით იყო დაზარალებული. ამ დროს სპეცრაზმელები დაესივნენ, გაიტაცეს და სამაგალითოდ დასაჯეს. წინა აქციების დროს ხაბეიშვილს ჯგუფურად აგინებდნენ, ახლა გაიტაცეს და სამაგალითოდ დასაჯეს. ჩვენი ინფორმაციით, სცემეს, პატრულს ჩაუსვეს მანქანაში, მოიყვანეს [კლინიკაში], დატოვეს და წავიდნენ. არ ვიცით, რომელმა ეკიპაჟმა მოიყვანა, ან ვინ გადასცა მათ ლევანი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა, რომელიც მომხდარის გამო შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და ზვიად ხარაზიშვილის წინააღმდეგ გამოძების დაწყებას ითხოვს.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 63 ადამიანი დააკავა. მშვიდობიანი აქციის დასაშლელად სამინისტრომ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის გამოც ათობით ადამიანი დაშავდა. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ შსს-ს წარმომადგენლები მოქალაქეებს უმიზეზოდ ესხმოდნენ თავს და ურტყამდნენ.
