პარტია „საქართველოსთვის“ სასტუმრო „შერატონ ბათუმისგან“ გიორგი გახარიაზე განხორციელებული ჯგუფური თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების გადაცემას ითხოვს. დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ თქვა, რომ ყოველწუთიერად იზრდება ვიდეომტკიცებულებების განადგურების რისკი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
„არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო „შერატონის“ ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა აჩენს უნდობლობას და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დე ფაქტო პრემიერი და სხვა თანამდებობის პირები ღიად და საჯაროდ უკვე კარნახობენ მართლმსაჯულებას რა მიმართულებით და ვერსიით უნდა წავიდნენ.
ამიტომ, სასტუმრო „შერატონისგან“ ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით“, - განაცხადა სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მალავს თავდამსხმელებს და პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით მათ მსხვერპლად და დაზარალებულად გასაღებას ცდილობს.
„კოჭლ რეჟიმს და ამ დანაშაულში თანამონაწილე ლაჩრებს, იმის უნარი და გამბედაობაც არ აქვთ, აღიარონ, რომ ამ ორგანიზებული თავდასხმის უკან თვითონ დგანან, თუმცა დე ფაქტო პრემიერისა და სხვა დე ფაქტო თანამდებობის პირების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ძალადობა ივანიშვილის დავალებით წინასწარ იყო ორგანიზებული და მათი მეშვეობით აღსრულებული, რასაც საგანგებოდ იღებდნენ“, - თქვა სიჭინავამ.
15 იანვარს, გვიან ღამით, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე თავს დაესხნენ. თავდასხმები რამდენიმეწუთიანი ინტერვალით მოხდა.
ბერდია სიჭინავას თქმით, გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმაში ათამდე პირი მონაწილეობდა. პოლიტიკოსს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
სასტუმროს ადმინისტრაციამ პოლიცია მხოლოდ გიორგი გახარიაზე თავდასხმის შემდეგ გამოიძახა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მისვლამდე კი, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილი მოასუფთავეს. გამომძიებლებს ტერიტორია ყვითელი ლენტით დაახლოებით სამი საათის განმავლობაში შემოსაზღვრული არ ჰქონიათ.
„არაფერია წაშლილი, ყველა ჩანაწერი არსებობს და რა თქმა უნდა, როგორც პოლიციას, ისე სხვა ნებისიერ უწყებას გადავცემთ. ამოღებული არ არის ჩანაწერები. მათ ვინახავთ, თუ არ ვცდები, ერთი თვის განმავლობაში“, - უთხრა სასტუმროს ერთ-ერთმა მენეჯერმა ჟურნალისტებს 15 იანვარს. მეგი ჟღენტის თქმით, მათ კადრების გასაჯაროების უფლება არ აქვთ.
პარალელურად, სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებიც „შერატონის“ მენეჯერის განცხადებით, არ არის სასტუმროს მიერ გადაღებული. მეგი ჟღენტის ინფორმაციით, „ვიღაც ქალბატონი იყო, რომელიც თავიდან ბოლომდე იღებდა“ თავდასხმას.
„იმედის“ კადრებში სასტუმროს შიგნით, შესასვლელთან, ერთმანეთის პირისპირ მდგომი გიორგი გახარია და დიმიტრი სამხარაძე ჩანან. სამხარაძეს უკან კიდევ ორი ადამიანი უდგას. „მიცანი?“ - ეკითხება ის გახარიას, რის შემდეგაც გახარია მას სავარაუდოდ მუყაოს ჭიქას ესვრის, საიდანაც სითხე იღვრება. ჩანს, რომ სამხარაძემ გახარიაზე გაიწია, თუმცა ამ დროს კადრი წყდება. შემდეგ კადრში კი ჩანს სასტუმროს გარეთ, შესასვლელთან ძირს დავარდნილი გიორგი გახარია. ის სახეზე ხელს იფარებს და წამოდგომას ცდილობს. ისმის მისი მისამართით დიმიტრი სამხარაძის გინება და ყვირილი „შენ მე ხელი როგორ დამარტყი“. სამხარაძე თანმხლებ პირებთან ერთად ავტომობილისკენ მიდის. ამ დროს მას შარვლის უკანა მხარეს ჩადებული იარაღი უჩანს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აწარმოებს, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ამ თემაზე:
გახარია უნდა დაფიქრდეს, ხომ არ იყო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობა - მდინარაძე