ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერს, ზვიად ქორიძეს ბათუმში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი 15 იანვარს, ღამით, დაახლოებით, 01:00 საათზე მოხდა. თავდამსხმელებს შორის იყვნენ არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 6 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
ზვიად ქორიძე ბათუმში ონლაინგამოცემების, „ნეტგაზეთის“ და „ბათუმელების“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო იმყოფებოდა და 14 იანვარს სასამართლო სხდომას ესწრებოდა.
„სასტუმროში მოვედი გვიან, ვიდრე ნომერში ავიდოდი აქ სასტუმროს ლობიში სავარძელში ვიჯექი, სატელეფონო საუბარი მქონდა. ამ დროს, ბარის მხარეს, რამდენიმე მაგიდასთან იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავისთვის სვამდნენ, აღნიშნავდნენ. არანაირი კომუნიკაცია ჩვენს შორის არ იყო, ვიდრე ერთ-ერთი მაგიდიდან არ მოვიდა ახალგაზრდა კაცი, მოიტანა სასმელი და გილოცავ ახალ წელსო და სასმელი შემომთავაზა. ვუთხარი, რომ არ ვსვამ და მეც მივულოცე. თვითონ მითხრა, რომ მიცნობდა, გიორგი ვარ მანველიძეო. ამით დამთავრდა ჩვენი კომუნიკაცია და წავიდა, დაჯდა იქ“, - ჰყვება ზვიად ქორიძე.
მისი თქმით, დაახლოებით, 5-7 წუთში, სასტუმროს ფოიეში, თანმხლებ ქალთან ერთად დიმიტრი სამხარაძე გამოჩნდა, რომელიც ჯერ სუფრასთან მივიდა, შემდეგ კი მასთან.
„მეუბნება, რომ „მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე, ვიცი, რაზეც ხარ ჩამოსული“, შეიგინა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. მე ჩვეულებრივ გავატარე ეს გინება. შემდეგ მკვეთრი ნაბიჯით წავიდა კარისკენ, დაბრუნდა, შემოვიდა ისევ და დაიწყო ყვირილი - „რა თქვი შენ „ქოცებზე“? ვის აგინებ შენ“. მე ვუთხარი - „ვინ „ქოცებზე“, ვის ვაგინებ“.
გადავიდა გინებაზე, შეურაცხყოფაზე, ურტყამდა ფეხს მაგიდას. აქ მართლა არ დაურტყამს არაფერი ჩემთვის და როცა დავინახე, რომ აიშალა ყველა მაგიდა და წამოვიდა ჩემი მიმართულებით, დავიძარი ლობისკენ, დაცვას ვთხოვე მხარდაჭერა, დაცვა ჩაერთო საქმეში, ამ დროს მე რაღაც ნივთი, რომელიღაც მათგანმა დამარტყა აი, აქ (შუბლთან) და სათვალე მთლიანად გაიმსხვრა. მეორემ, ზუსტად ვიცი, რომ გიორგი მანველიძემ აიღო რაღაც ნივთი, კერამიკის ქოთანი, რომელშიც იყო მიწა ისროლა. არ ვიცი საგანგებოდ თუ არა, ამაცილა“, - ამბობს ქორიძე.
ზვიად ქორიძე შემთხვევის ადგილიდან სასტუმროს დაცვამ გაიყვანა. ჟურნალისტის თქმით, ამ დროს მის მიმართ მუქარა და გინება გრძელდებოდა.
„მე ავედი ნომერში და დაახლოებით 15-20 წუთში, ჩემმა მეგობრებმა და კოლეგებმა, ვისაც მე შევატყობინე და მოვიდნენ სასტუმროში, დაინახეს უკვე სხვა სურათი. დაინახეს საკმაოდ დაზიანებული და მძიმე ტრავმებით გიორგი გახარია“, - აღნიშნა ქორიძემ.
მომხდარის შემდეგ ზვიად ქორიძეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, მას სერიოზული დაზიანება არ აქვს.
გიორგი გახარიაზე ჯგუფურ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ოპოზიციური პარტიის ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
პოლიცია სასტუმრო „შერატონში“ დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით მივიდა. „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული, რითაც შსს-ს თანამშრომლების მხრიდან მტკიცებულებების განადგურება იკვეთება.
ზვიად ქორიძესა და გიორგი გახარიაზე თავდასხმა დაგმო საქართველოს სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანმა საგამოძიებო სამსახურებს სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებისა და პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებისკენ მოუწოდა.