ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. პროკურატურის მიერ ძებნილი „მილიციელი“, დავით კვეკვესკირი ზუგდიდში დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კვეკვესკირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გალელი „მილიციელი“ ზუგდიდში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იმალებოდა.
9 თებერვალს, ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. პროკურატურამ უმცროსი ლეიტენანტის, დავით კვეკვესკირის და კიდევ ორი „მილიციელის“, კაპიტან ალბერტ ზარაკუასა და ლეიტენანტ ვიანორ აბშილავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათ ბრალად ედებათ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფის მიერ, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 6 დეკემბერს, კვეკვესკირმა დაკავებული ვიტალი კარბაია, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, გალის მილიციის განყოფილებაში მიიყვანა, სადაც უკანონოდ გაჩხრიკა. ჩხრეკის დასასრულს, კარბაიამ მის მიმართ უხამსი სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგაც კვეკვესკირმა მას დაარტა. საქმის მასალების მიხედვით, თემურ კარბაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ ალბერტ ზარაკუა და ვიანორ აბშილავაც.
როგორც ე.წ. პროკურატურაში განაცხადეს, თემურ კარბაიას აღენიშნებოდა ბლაგვი საგნით მიყენებული გულმკერდის ტრავმა, ოთხი ნეკნის მოტეხილობა, მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოებზე სისხლჩაქცევები. სასტიკად ნაცემი კარბაია დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს და მომდევნო დღეს გაათავისუფლეს.
თემურ კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი დღით ადრე გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოდან გადაიყვანეს.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ზარაკუა და აბშილავა 10 თებერვალს დააკავა. ე.წ. პროკურატურა აცხადებდა, რომ კვეკვესკირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თემურ კარბაიას საქმეზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით აწარმოებდა.
