ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ გალში, ე.წ. მილიციის თანამშრომლების მიერ სასტიკად ნაცემი საქართველოს მოქალაქე, 43 წლის თემურ კარბაია სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
მკვლელობის შესახებ ინფორმაცია აფხაზურმა ტელეგრამ არხმა გაავრცელა. „აბხაზია-ცენტრ“ წერდა, რომ სიტყვიერი შეხლა-შემოხლის შემდეგ სამმა ძალოვანმა ადგილობრივ მცხოვრებს, თემურ კარბაიას სცემა: „ის სასტიკად სცემეს. დაზარალებული იმდენად ცუდად გახდა, რომ სოხუმში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, სადაც გონისმოუსვლელად გარდაიცვალა. კარბაიას კანონთან პრობლემები ჰქონდა ენგურის ორივე მხარეს და აფხაზი და ქართველი სამართალდამცველების მხედველობის არეში ხვდებოდა“.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა უარყვეს თემურ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობა. „იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოკვლევის პროცესი“, - განაცხადეს სუს-ში.
მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის სასტიკ მოპყრობას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის კიდევ ერთი შეხსენებაა. სამწუხაროა, რომ ასეთი მოვლენები ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის 75-ე წლისთავზეც ხდება“, - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებით, საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სწორედ ის ახორციელებს.
„სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. ასევე, დღემდე გამოუძიებელია ერთი თვის წინ, სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულის ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევების პრევენციისათვის, რადგან ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს სამი მოქალაქე.
29 წლის ირაკლი ბებუა მესამე წელია დაპატიმრებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბებუა გალის რაიონში, 2020 წლის 30 სექტემბერს, აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს. ის ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით, მათ შორის, სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფისთვის, გაასამართლეს და 2020 წლის დეკემბერში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2023 წლის მაისში 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 25 წლის ქრისტინე თაკალანძეს, რომელსაც აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობას“ ედავება.
2022 წლის ნოემბერში, სოხუმში, ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, გალის მცხოვრები 29 წლის ასმათ თავაძე. მას ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვას ედავებიან.