24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართება. საქართველოს მოქალაქე, 29 წლის ირაკლი ბებუა მესამე წელია დაპატიმრებულია. მისი ბიძაშვილი თამარ ბებუა ამბობს, რომ ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ის თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ ლაპარაკობს. არ უნდა ოჯახი ანერვიულოს. მაგრამ გვყავს წყაროები, ვისგანაც ვიგებთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. მთელი დღის განმავლობაში წევს და სძინავს. მისი მძიმე ფსიქოლოგიური, დეპრესიული მდგომარეობა გამოიხატება იმაშიც, რომ არ აქვს სურვილი, საკნიდან გავიდეს, როცა ამისი შესაძლებლობა აქვს. ამ ცნობებმა ძალიან შეგვაშინა“,- აღნიშნავს თამარ ბებუა.
ირაკლი ბებუას მშობლები თბილისში ცხოვრობენ. ის მათი ერთადერთი შვილია. ირაკლი ოკუპირებულ გალის რაიონში მარტო დარჩენილი ბებიის მოსავლელად იყო გადასული, სადაც 2020 წლის 30 სექტემბერს აფხაზური დროშის დაწვის ბრალდებით დააკავეს.
მან 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა. მის სახლში ჩხრეკის დროს დე-ფაქტო მილიციამ ხელყუმბარა ამოიღო, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარ საწოლში, ბალიშის ქვეშ ინახავდა.
ვიდეოში, რომელშიც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფებოდა, დროშის დაწვას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად, დაწვა.
დე ფაქტო სასამართლომ ის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის, სხვისი ქონების განზრახ დაზიანების და საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის მუხლებით გაასამართლა და 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2023 წლის 28 სექტემბერს დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დადგენილება „ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ამნისტიის შესახებ“, თუმცა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროექტს, „ეხო კავკაზას“, დე ფაქტო დეპუტატმა დაუტ ხუტაბამ უთხრა, რომ ამნისტია ირაკლი ბებუას არ შეეხება.
„არა, ამნისტიას ვერ მიიღებს. თავიდან ჩვენც ვიფიქრეთ ამ სიტუაციაზე, თუმცა გამარჯვების ოცდაათი წლისთავის დღეს რომ გავათავისუფლოთ ის კაცი, რომელმაც ჩვენი დროშა დაწვა, ვფიქრობ, ეს იქნება მკრეხელობა და ის ამნისტიაში არ შედის. ამნისტია ის აქტია, როცა საერთოდ არ უნდა ინტერესდებოდე კონკრეტული ადამიანით, მისი ბედით, მხოლოდ იმ მუხლებით უნდა ინტერესდებოდე, რომლებითაც ისინი ციხეში არიან. მაგრამ
ეს იყო სიტუაცია, როცა მაინც იყო პირადი ინტერესი კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომ ამნისტია არ მიეღო. დიახ, ვთხოვე შსს-ს და დამიდასტურეს, რომ ეს პირი ამნისტიას არ ექვემდებარება“, - თქვა დაუტ ხუტაბამ.
ირაკლი ბებუას შესახებ, 20 ოქტომბერს პარლამენტის დახურულ სხდომაზე დეპუტატებმა ჰკითხეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს.
„ე.წ. სარეჟიმო დაწესებულება აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. როგორ შეიძლება ახლა ვისაუბროთ იმაზე, რომ იქ არსებული ვითარება აბსოლუტურად აკმაყოფილებდეს ადამიანის უფლებების სტანდარტით რაც ჩვენთან მოქმედებს, ევროპის ქვეყნებში და ცივილიზებულ სამყაროში, როგორ შეიძლება, რომ იმ სტანდარტზე იყოს საუბარი. იმ პირობებს, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, ამას აკმაყოფილებს. ეს იცის მისმა ოჯახმა და მე არ მინახავს, რავიცი, თუ სხვა რამეზე საუბრობს. სახელმწიფო ეფეტური კონტროლის განხორციელებას მოკლებულია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს თქვენთვის სიახლე არ უნდა იყოს. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ოფიციალურს, არაოფიციალურს, ფორმატებს, საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ მოვახერხოთ აღნიშნული პირების, არამარტო ბებუასი, იქ დანარჩენი მოქალაქეებიც არიან, გამოშვება დროულად, - თქვა ლილუაშვილმა მედიასთან სხდომის დამთავრების შემდეგ.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში პატიმრობაშია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. 25 წლის ქრისტინე თაკალანძეს, რომელსაც ე.წ. პროკურატურა „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობას“ ედავებოდა, მაისში 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.