განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მარნეულში ავტორიზაცია გაუუქმა დემირელის კიდევ ერთ სკოლას. პედაგოგების განცხადებით, სამინისტროს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
შპს „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა“ მარნეულში 2010 წლიდან ფუნქციონრებდა და 2017 წელს დახურული შპს „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის“ საკუთრებაშია. სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მიმდინარეობდა და 152 მოსწავლე ირიცხებოდა.
„ჩვენს სკოლა-ლიცეუმში მოსწავლეთა უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელია. სწორედ სკოლის დამსახურებაა, რომ მოსწავლეები აღწევენ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებსა და შედეგებს, გამართულად საუბრობენ, წერენ და კითხულობენ ქართულ ენაზე.
აღნიშნული ფაქტი ყოველთვის იმსახურებდა მოწონებას სახელმწიფო მოხელეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 27 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება არის უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული“, - განაცხადა დღეს მარნეულში გამართულ საპროტესტო აქციაზე პედაგოგმა ლამზირა ხუნდაძემ.
სკოლის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების პოლიტიკურ ხასიათს ადასტურებს დემირელის სკოლების ირგვლივ ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები - ავტორიზაცია გაუუქმდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს, ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლას და შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს. ამავე პერიოდში, აღნიშნული სკოლების გენერალური დირექტორი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე დაკავებული იყო და 9 თვის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა.
„მიგვაჩნია, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლაში ჩატარებული რიგგარეშე მონიტორინგი, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში მოყვანილი ხარვეზები, ავტორიზაციის საბჭოს ზოგიერთი წევრის ცინიკური დამოკიდებულება და საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება სკოლის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ, წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული პროცესების გაგრძელებას. აღსანიშნავია, რომ საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით არ გაითვალისწინა მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების უფლებები, საუკეთესო ინტერესები და სასწავლო პროცესი შუა შემესტრში გაწყვიტა. საბჭო არ დაელოდა მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებასაც კი და სკოლას ავტორიზაცია დაუყოვნებლივ გაუუქმა“, - აღნიშნა ლამზირა ხუნდაძემ.
ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას ათი დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს.
როგორც „საქართველოს ამბებს“ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ხანალი გახრამანოვმა უთხრა, 152 მოსწავლე ქალაქ მარნეულის სხვადასხვა ქართულენოვან სკოლაში გადანაწილდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია გადაწყვეტლების გასაჩივრებას გეგმავს.
ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი საქართველოში 1994 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც აერთიანებდა როგორც უმაღლეს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ისე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.
2016 წლის 16 ივლისს თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმი და სხვა სკოლები დაკავშირებულია ტერორისტულ ორგანიზაციებთან და ამიტომ, იგი აპირებს მიმართოს საქართველოს მთავრობას აღნიშნული სკოლების დახურვის მიზნით.
თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი ფეთჰულა გიულენთანაა კავშირში. გიულენს კი, თურქეთში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ.
იმავე წლის 18 ივლისს, საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტის დროს, უმაღლეს დონეზე იქნებოდა განხილული შაჰინის სკოლის საკითხი.
სექტემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, გამოკითხვის მიზნით, დაიბარეს როგორც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“, ისე „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისა“ და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მიერ დაფუძნებული სასწავლებლების ხელმძღვანელები. პარალელურად, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარეობდა საგადასახადო შემოწმება.
დეკემბერში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს დაეკისრა თანხის გადახდა 443 303 ლარის ოდენობით, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს 1 207 449 ლარი, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლას 120 501 ლარი.
2017 წლის 3 თებერვალს - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს გაუუქმდა ავტორიზაცია. 340 მოსწავლე და 117 პედაგოგი სასწავლო პროცესის მიღმა აღმოჩნდა.
7 თებერვალს შემოსავლების სამსახურის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო შპს „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის“ ქონებას; შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების ქალაქ რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ ქონებას; ასევე აღნიშნული სასწავლებლების დამფუძნებლების: იუსუფ ალთაშის ქონებას; იაშარ შიმშექის ქონებას და ჯიჰან აქინის ქონებას.
იმავე დღეს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ 60% წილის მფლობელი შპს „კონტროლის“ პარტნიორებს - რესულ დიქმენს და აიჰან არსლანს თავდაპირველად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეუჩერა, შემდეგ კი უარი ეთქვა აშშ-ის მოქალაქის ზაფერ სუსლუსთვის წილის მიყიდვის რეგისტრაციაზე.
9 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს შპს „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის“ პარტნიორებს: გერმანიის მოქალაქე ჯიჰან აქინს და თურქეთის მოქალაქე იაშარ შიმშექს.
28 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ წილებს და უძრავ ქონებას.
24 მაისს დააკავეს დემირელის კოლეჯის პედაგოგი, ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი. პროკურატურამ განმარტა, რომ ჩაბუქის მიმართ დევნა მიმდინარეობდა თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ქართულ მხარეს მასთან არავითარი პრეტენზია არ ჰქონდა. 25 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. 30 მაისს ჩაბუქის ადვოკატმა მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ჩაბუქისა და მისი ოჯახისათვის თავშესაფრის მიცემის მოთხოვნით, რაზედაც 7 ივნისს უარი ეთქვა. მინისტრ სოზარ სუბარის განმარტებით, ჩაბუქის ექსტრადიციის შემთხვევაში ის თურქეთში ევროპული დონის ციხეში მოთავსდებოდა და წამებას არ დაექვემდებარებოდა.
2017 წლის 29 აგვისტოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯმა ავტორიზაცია ვერ გაიარა. შედეგად, სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის მიღმა დარჩა დაახლოებით 450 მოსწავლე და სამსახური დაკარგა 102-მა თანამშრომელმა.
2018 წლის 19 თებერვალს, საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქი 1000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან საქართველო დატოვა.