„განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა“ - ღარიბაშვილი გრიგორიადისზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაკავებასთან დაკავშირებით მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ მას პოლიციის ცოცხლად დაწვა ჰქონდა განზრახული. არადა, დაკავებულის მიმართ პროკურატურას ჯერ გამოძიებაც კი არ აქვს დასრულებული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი. გახსოვთ, ყველამ ნახეთ კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი, ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია - ამას არავის ვაპატიებთ, ეს არის მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. ასევე, თქვენ ნახეთ, საზოგადოებამ ნახა, რომ გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული, მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა. რა თქმა უნდა, მათი საბოლოო მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც, არავის გამოუვიდა და არ გამოუვა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პარალელი გაავლო 7-9 მარტის აქციებსა და აშშ-ში, კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფაქტებს შორის:

რაც მოხდა აშშ-ში, კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს, ოთხი ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, ადგილზე მოკლეს ოთხი ადამიანი, რომელიც შეიჭრა კონგრესის შენობაში. ჩვენთან თურმე ნორმაა, რომ ეს ანარქისტები შეგვეშვა პარლამენტის შენობაში.

თურმე ნორმაა, რომ ცეცხლი გაუხსნან პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებით და პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს, ე.ი. არ უნდა დავიჭიროთ არავინ, არავინ არ უნდა დავსაჯოთ და ამ ანარქისტებს, ქაოსის დამთესველებს და ქვეყნის მტრებს მივცეთ საშუალება, რომ ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა. ამას, რა თქმა უნდა, არ ვიზამთ. ამერიკაში რამდენიმე ასეული ადამიანი იქნა მხილებული, მრავალი ათეული წლით გაუშვეს ციხეში, ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლეს. ევროპის ქვეყნებში ხედავთ, რაც ხდება - როცა საქმე ეხება სტაბილურობას, უსაფრთხოებას, უკომპრომისო ბრძოლა მიდის.

ჩვენ, ასე სუფთად ჩაატარა პოლიციამ ღონისძიება, არავინ არ დაშავებულა რეალურად, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ და დღეს გვეუბნებიან, რომ თურმე მოლოტოვის კოქტეილს რომ ისვრის ვიღაც ანარქისტი, ანარქისტები და ქვებს უშენენ პოლიციას, ამაზე თვალი უნდა დავხუჭოთ. ეს რა თქმა, უნდა არ მოხდება“.

ჯანდაცვის სამინისტრო დღემდე მალავს ინფორმაციას, რამდენი დემონსტრანტი დაშავდა „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგ 7-9 მარტის აქციებზე, სპეცრაზმის მხრიდან დარბევის შედეგად. ცნობილია, რომ 7 მარტს, ერთ-ერთ მომიტინგეს ზაზა ბიღიაშვილს თავში სავარაუდოდ მხუთავი აირის ბალონი მოხვდა და ერთ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ზაზა ბიღიაშვილის ექსპერტიზის პასუხისთვის ერთი წელი მოითხოვა.

რაც შეეხება 7-9 მარტის აქციების მონაწილეს ლაზარე გრიგორიადისს, ის 29 მარტს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ლაზარე გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“, რის შედეგადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულმა 9 მარტს, ღამის საათებში, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შსს-ს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ავტომობილის დაწვით სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

პროკურატურამ მტკიცებულების სახით აქციებზე გადაღებული ვიდეოკადრები გაავრცელა და განაცხადა, რომ კადრებში ასახული ახალგაზრდა ლაზარე გრიგორიადისია.

პარალელურად, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდების დისკრედიტაციის კამპანია გააგრძელეს. 30 მარტს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“ და ახალგაზრდის ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირება სცადა.

31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებით ისარგებლა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფა და სახელმწიფო ქონების განადგურება ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 1-ელ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.