ორიენტაცია აქვს არეული - კობახიძე „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებულზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ პირს, მას, ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული და ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ და ამას სჭირდება სათანადო შეფასება. თავისთავად ის, რომ ეს პირი, ეს ახალგაზრდა კაცი, გზას აცდენილი კაცი, არის დაკავშირებული ბოლშევიკურ ტროიკასთან - ანუ ეს არის ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობა - ესეც მიუთითებს რაზე, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი“, - ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 7-9 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებზე თავდასხმასა და შსს-ს კუთვნილი მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებაში ადანაშაულებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„თავისთავად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება და მნიშვნელოვანია, რომ სადაც არის სავარაუდო დანაშაული ჩადენილი, იქ ადამიანებმა პასუხი აგონ. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა შერჩეს ის უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელების წინააღმდეგ. ეს იყო მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ეს იყო ქვების დაშენა. ეს არის კონკრეტული უმძიმესი დანაშაულები და ასეთი დანაშაულებისთვის შესაბამისმა პირებმა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე და იმედია, რომ გაგრძელდება ამასთან დაკავშირებით გამოძიება.

როგორც მოგეხსენებათ, ეს ბოლშევიკური ტროიკა არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე და გასაჯაროებული. აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაციაარეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული როგორც სამართლებრივად, ასევე, საზოგადოების მიერ“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ლაზარე გრიგორიადისი გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 7, 8, 9 მარტს,  რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

სამინისტრო თავის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ლაზარე გრიგორიადისი წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაშია მიცემული და ამჟამად განსასჯელია.

დაკავებულის ბაბუის თქმით, მისი შვილიშვილი 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე დააკავეს და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებაზე კი, ბაბუა ამბობს, რომ მისი შვილიშვილი და მამა ერთად არ ცხოვრობენ, მამა მათ რამდენჯერმე მიუვარდა სახლში, კონფლიქტის დროს შვილიშვილი თავს იცავდა და ამ დროს დაჭრა მამა.

პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ დაკავებულ ბიჭს პირადად არ იცნობს და ის არც „დროას“ წევრია, თუმცა ყველანაირად დაიცავენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები 7-9 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდების დისკრედიტაციას და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან მათ დაკავშირებას ცდილობენ. 12 მარტს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  სათითაოდ იციან ის ახალგაზრდები, რომლებიც აქციის დროს სცენაზე იდგნენ.

„აქ ვინ ბედავს, როგორ ბედავენ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ ფარად, რომ იტყვიან წინა ხაზზე უშვებენ, ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს. თქვენ ნახეთ კადრები - 60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი. ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? უმკაცრესად იქნება დასჯილი ყველა ეს ადამიანი.

ვინ დაიწყო ძალადობა? ძალადობა დაიწყო „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ე.წ. „გირჩის“, ჯაფარიძე პროვოკატორის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის“ ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე და გაოგნებული დარჩი, რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ. შემაშფოთებელია რაც აქ ხდება, უბრალოდ რა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი, რომლის რომანტიზებასაც ცდილობენ,  პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა. გარდა ამისა, პაპუაშვილმა „ათასლარიანი ახალგაზრდები“ უწოდა პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების ლექციების ჩაშლას ცდილობენ უნივერსიტეტებში.

აქციაზე მყოფი ახალგაზრდების ნაწილი ფარისევლებად მოიხსენია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ქართულმა ოცნებამ“ 7 მარტს, 78 დეპუტატის მხარდაჭერით, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ხელისუფლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს უცხოეთის გავლენის აგენტებად აცხადებდა.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას, 7-9 მარტს, რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტები ცრემლსადენი და მხუთავი გაზით, წყლის ჭავლითა და სხვა საშუალებების გამოყენებით დაარბია. აქციის დაშლისას მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთმა მომიტინგემ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, ათობით ადამიანი დაშავდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო არ ამჟღავნებს დაშავებულთა რაოდენობას. პოლიციამ 133 მოქალაქე ადმინისტრაციული, ერთი კი სისხლის სამართლის წესით დააკავა.

უპრეცედენტო პროტესტის შედეგად, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, რუსულ კანონზე უარი ეთქვა და 10 მარტს, მეორე მოსმენით ჩააგდო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.