„იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ, საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ განეკუთვნებოდნენ, თუმცა, რეალურად ვიცით მათი წარსული, რას წარმოადგენენ“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციებს, რამაც მმართველი პარტია აიძულა, კანონის მიღებაზე უარი ეთქვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
როგორც კალაძე ამბობს, აქციაზე ძალიან ბევრი ისეთი ადამიანიც იყო, რომელსაც არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვს და კანონთან დაკავშირებით გულისწყრომა ჰქონდა.
„ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რა თქმა უნდა, ჰქონდათ. ვნახეთ, იყო შემთხვევები, როდესაც პოლიტიკოსები ტრიბუნასთან არ მიუშვეს. შესაბამისად, ახალგაზრდებსაც ჰქონდათ მცდელობა, რომ ისინი გამოყენებულები არ ყოფილიყვნენ. მე ვსაუბრობ მართლა ნეიტრალურ ახალგაზრდებზე“, - თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.
აქციის მონაწილე ახალგაზრდებზე 12 მარტს, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მისი თქმით, სათითაოდ იციან, ვინ იდგა სცენაზე.
„ესენი ყველანი იყვნენ დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, აბსოლუტურად ყველა, ან მათ სატელიტ ორგანიზაციებთან, იქნებოდა ეს „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, ვაშაძის პარტია და სხვები. ე.წ. „ფრანკლინის კლუბის“ ახალგაზრდები, რომლებიც წამლავენ, პირდაპირ მინდა გითხრათ და ამის თაობაზე... მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო ან მეორე მხრივ, გამოძიებას ხელი შევუშალო, მაგრამ ეს არის პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი, ძირგამომთხრელი საქმიანობა. ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის, მოსწავლეებს ურეცხავენ ტვინს ამ ე.წ. „ფრანკლინის კლუბში“, - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა ახალგაზრდების ნაწილს ანარქისტები, პროვოკატორები უწოდა და აღნიშნა, რომ მათ „რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ“.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 78 დეპუტატის მხარდაჭერით, პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და სხვა საშუალებების გამოყენებით დაარბია. დარბევისას მიღებული დაზიანების შედეგად აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. პოლიციამ 133 მოქალაქე ადმინისტრაციული, ერთი კი სისხლის სამართლის წესით დააკავა. შსს აცხადებს, რომ ძალადობრივ ფაქტებზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა და 187-ე მუხლებით აგრძელებს, რაც პოლიციელებზე თავდასხმას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მოქალაქეების პროტესტის შედეგად, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, რუსულ კანონზე უარი ეთქვა და 10 მარტს, მეორე მოსმენაზე ჩააგდო.
