საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას რომ ცდილობენ, სწორედ ის ჯგუფი ესროდა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს. პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ათასლარიანი ახალგაზრდები უწოდა პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების ლექციების ჩაშლას ცდილობენ უნვერსიტეტებში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ქართველმა ხალხმა პირველად იხილა აქციაზე მოლოტოვის კოქტეილი. რაც არ უნდა არეულობა ყოფილიყო, წარსულში არავის უკადრია, რომ მოლოტოვის კოქტეილები ესროლა პოლიციისთვის. ჩვენ ვნახეთ ცეცხლწაკიდებული პოლიციელები. ახლა რომანტიზებას რომ ცდილობენ ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის, ზუსტად ის ჯგუფი ესროდა მოლოტოვის კოქტეილებს. მე ვერ ვნახე ვერცერთი არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაცია, ვინც ამ ძალადობას გაემიჯნა. ის მაინც თქვან, რომ ნაწილი იყო ძალადობრივი და ის ნაწილი მაინც დაგმონ. ამის ნაცვლად, პირდაპირ რომანტიზება ხდება დაუმორჩილებლობის, აგრესიის, მოლოტოვის კოქტეილის სროლის და ა.შ., რაც მომავლისთვისაც ძალიან საშიშია.
ვნახეთ ასევე ათასლარიანი ახალგაზრდები. ხდება ამა თუ იმ ლექტორთან შეშვება აუდიტორიაში. ვნახეთ ბოლო ფაქტი - ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობა იყო. ეს იყო ადამიანი, რომელიც სტუდენტიც კი არ არის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი არასდროს ყოფილა და სადაც სტუდენტი იყო, იქაც შეჩერებული აქვს სტატუსი.
პირდაპირ პოლიტიკურად ანგაჟირებული ათასლარიანი ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით არის მცდელობა, რომ ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ.
ოპოზიცია ცდილობს, ამ გარემოში გვამყოფოს და სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამ განცხადების გამო გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ასეთი შეფასებები, შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს.
„შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს.
ასეთი შეფასებები, შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე,“ - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
12 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სათითაოდ იციან ის ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ.
„ესენი ყველანი იყვნენ დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, აბსოლუტურად ყველა, ან მათ სატელიტ ორგანიზაციებთან, იქნებოდა ეს „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, ვაშაძის პარტია და სხვები. ასევე, ერთ-ერთი საინტერესო, გამოიკვეთა უკვე მათი მონაწილეობა.
ე.წ. „ფრანკლინის კლუბის“ ახალგაზრდები, რომლებიც წამლავენ, პირდაპირ მინდა გითხრათ და ამის თაობაზე... მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო ან მეორე მხრივ, გამოძიებას ხელი შევუშალო, მაგრამ ეს არის პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი, ძირგამომთხრელი საქმიანობა. ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის, მოსწავლეებს ურეცხავენ ტვინს ამ ე.წ. „ფრანკლინის კლუბში“.
აქ ვინ ბედავს, როგორ ბედავენ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ ფარად, რომ იტყვიან წინა ხაზზე უშვებენ, ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს. თქვენ ნახეთ კადრები - 60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი. ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? უმკაცრესად იქნება დასჯილი ყველა ეს ადამიანი.
ვინ დაიწყო ძალადობა? ძალადობა დაიწყო „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ე.წ. „გირჩის“, ჯაფარიძე პროვოკატორის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის“ ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე და გაოგნებული დარჩი, რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ. შემაშფოთებელია რაც აქ ხდება, უბრალოდ რა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ფრანკლინის კლუბს“ თავს დაესხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. მისი თქმით, „ფრანკლინის კლუბი“ არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ბაზებზე, პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი მოსწავლეების რეკრუტირებას. „სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა“, - თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
რუსული კანონის წინააღმდეგ 7-8 მარტის აქციებზე მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ფარისევლები უწოდა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ფრანკლინის კლუბში“ განაცხადეს, რომ კლუბის თანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტთან ატარებდა საგანმანათლებლო ხასიათს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ცილისმწამებლური კამპანიის ფონზე, უნივერსიტეტთან თანამშრომლობას წყვეტენ.
„დღეს საქართველოს უნივერსიტეტი არის სახელისუფლებო პროპაგანდის კონტროლის მიღმა დარჩენილი ერთ-ერთი დიდი თავისუფალი სივრცე, რომლის არსებობაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენისთვის... საქართველოს ხელისუფლებამ ფრანკლინის კლუბზე იერიში სწორედ იმიტომ მიიტანა, რომ ახალგაზრდებისთვის დამოუკიდებელი განათლება ვეღარ მიგვეცა“, - ნათქვამია „ფრანკლინის კლუბის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხელისუფლებას სტუდენტების დაშინების მცდელობაში ადანაშაულებს „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ და აცხადებს, რომ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე სტუდენტების გასანეიტრალებლად სხვადასხვა გზებს ეძებენ. მოძრაობის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდნენ და სტუდენტებს პირადი მონაცემები გამოართვეს. მოძრაობა 22 მარტს, 13:45 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გეგმავს გამართოს აქცია „უნივერსიტეტის ღირსებისთვის - საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ“.
„ქართულმა ოცნებამ“ 7 მარტს, 78 დეპუტატის მხარდაჭერით, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ხელისუფლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს უცხოეთის გავლენის აგენტებად აცხადებდა.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას, 7-9 მარტს, რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და სხვა საშუალებების გამოყენებით დაარბია. აქციის დაშლისას მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთმა მომიტინგემ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, ათობით ადამიანი დაშავდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო არ ამჟღავნებს დაშავებულთა რაოდენობას. პოლიციამ 133 მოქალაქე ადმინისტრაციული, ერთი კი სისხლის სამართლის წესით დააკავა. შსს აცხადებს, რომ ძალადობრივ ფაქტებზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა და 187-ე მუხლებით აგრძელებს, რაც პოლიციელებზე თავდასხმას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
უპრეცედენტო პროტესტის შედეგად, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, რუსულ კანონზე უარი ეთქვა და 10 მარტს, მეორე მოსმენაზე ჩააგდო.