სასამართლომ 7-9 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისის საქალაქო სასამართლომ, რუსული კანონის წინააღმდეგ 7-9 მარტს გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეს, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ლაზარე გრიგორიადისმა დუმილის უფლება გამოიყენა და თქვა, რომ გამოძიებას ჩვენებას თავიდან მისცემს. ბრალდებულის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიებას არ ეთანხმებიან.

„მოსამართლის განჩინებას 48-საათის განმავლობაში გავასაჩივრებთ. ბრალდებულმა თვითონ გვითხრა, იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენებას ვაძლევდი, ძალიან არეული ვიყავი, ამიტომ თქვენთან კონსულტაციას გავივლი და თუ შეიძლება ახლა დუმილის უფლება გამოვიყენოო. ჩვენ განვუმარტეთ, რომ შეეძლო და დუმილის უფლებით ისარგებლა. 

პროკურატურამ ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არგუმენტებით ვერ დაასაბუთა. გარდა ამისა, ბრალდების მხარე აპელირებდა, რომ ბრალდებული ნასამართლევია, როდესაც მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი საქმეში არ დევს. მიმაჩნია, რომ პროკურატურამ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია“, - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

„რუსთავი 2“-მა გამოძიებისთვის გრიგორიადისის მიერ მიცემული ჩვენება გაავრცელა, სადაც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბრალდებული აღიარებს, რომ პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ისროლა და ჰყვება, რომ ცეცხლი წაუკიდა პოლიციის ორ ავტომობილს.

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების მუხლებით წარუდგინა. დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ლაზარე გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“, რის შედეგადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულმა 9 მარტს, ღამის საათებში გ. ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ავტომობილის დაწვით სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

„ქართულმა ოცნებამ“ 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი, რომელიც ხელისუფლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს „უცხოეთის გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციას ავალდებულებდა და რომლის მიზანიც ქვეყანაში დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაქრობა იყო. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, იმავე დღეს, თბილისში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა რუსული კანონის გაუქმება მოითხოვეს. მთავრობამ საპროტესტო აქცია ცრემლსადენი და მხუთავი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაარბია. მრავალათასიანი აქცია გაიმართა 8 მარტსაც, რომელიც ხელისუფლებამ ისევ დაარბია. სპეცრაზმი დემონსტრანტებს მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში დასდევდა, აკავებდნენ და სცემდნენ მათ. სასტიკი დარბევების შემდეგ მომიტინგეებმა დაამტვრიეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანები და ცეცხლი წაუკიდეს. ჯანდაცვის სამინისტრო არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ამ დრომდე არ აქვეყნებს მონაცემებს, აქციის რამდენი მონაწილე დაშავდა. ცნობილია, რომ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა პოლიციის მხრიდან დარბევის დროს მხედველობა დაკარგა.

ძლიერი პროტესტისა და უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, 10 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.