გვაქვს შეშფოთება უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს - კოლომინა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ხავიერ კოლომინასა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა / მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტის დროს, საქართველოს ოფიციალურ პირებს ჩინეთთან ურთიერთობის რისკებზე ესაუბრა. კოლომინას თქმით, უსაფრთხოების მხრივ ჩინეთი გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჩინურ ინვესტიციებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ამაზე ხშირად ვსაუბრობთ თბილისში ჩემი ვიზიტის დროს. ჩვენ ვცხოვრობთ გეოსტრატეგიული კონკურენციის სამყაროში, ეს გასაგებია. ჩვენ არ ვადარებთ რუსეთისა და ჩინეთის სიტუაციებს, მაგრამ გვაქვს შეშფოთება უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს“, - განაცხადა NATO-ს წარმომადგენელმა მედიასთან.

მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეებს შეუძლიათ ჩინეთთან უფრო განვითარებული ურთიერთობები ჰქონდეთ, რადგან ეს ქვეყანა გარკვეულწილად შეიძლება იყოს პარტნიორი და გლობალური აქტორი, რომელთან ურთიერთობაც საჭიროა.

„ამავდროულად თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ის წარმოადგენს უსაფრთხოების გამოწვევებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და დამოკიდებულებას, რაც ზოგიერთმა ინვესტიციებმა შეიძლება შექმნას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩინეთის პარტნიორი არ შეიძლება იყოთ ან არ მიიღოთ ჩინეთიდან ინვესტიცია.

სრულიად განსხვავებულია რუსეთის ამბავი. როგორც იცით, ის საფრთხეა ჩვენთვის, დამპყრობელი და ჩვენი შეხედულება რუსეთზე არ შეიცვლება მანამ, ვიდრე ომი გრძელდება. ეს იყო იმ საუბრების ნაწილი, რომელიც ქართველ ოფიციალურ პირებთან მქონდა. მათ უნდა იცოდნენ დამოკიდებულების შექმნის რისკები, განსაკუთრებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში.

ამავდროულად, ჩვენ გვესმის ინვესტიციების საჭიროება სექტორებში, რომლებიც არ ქმნიან მსგავს დამოკიდებულებას. ასე რომ, მთლიანობაში, უნდა იყოს დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში NATO-ს გენმდივნის წარმომადგენელმა არაერთი შეხვედრა გამართა, შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მიმდინარე წელს ხავიერ კოლომინა საქართველოს მეორედ ეწვია.

ივლისში საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პეკინში ვიზიტის დროს იქნა მიღებული, როდესაც ის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ ხელი მოაწერეს „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.

სექტემბერში, ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა დაადასტურა, რომ ჩინურ კომპანიებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისადმი ინტერესი გააჩნიათ. „თუ იქნება კარგი პირობები,  ჩინური კომპანიებისთვის არ იქნება პრობლემა, ანაკლიის პორტის ან სხვა პროექტებში მონაწილეობა“, - განაცხადა ელჩმა.

მალევე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტის აშენება „ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმსაც“ სურს. სექტემბრის ბოლოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ პარტნიორის შესარჩევ პროცესში სულ ოთხი კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან მეორე ეტაპზე ორი  გადავიდა. „ეს არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია. მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის აღიარებული, წამყვანი კომპანია მსოფლიოში“, - თქვა დავითაშვილმა. კონფიდენციალურობის მოტივით კომპანიების სახელები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

ოქტომბერში, ლევან დავითაშვილი პეკინში „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფორუმს დაესწრო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა. გარდა ამისა, ფორუმის პარალელურად, ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად, საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).