გვარამიას თქმით, არჩევნების წინ ოქუაშვილმა ცოლის, ნატო ჩხეიძის სიაში ჩასმა მოსთხოვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე, სადაც მას 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. 6 დეკემბერი, 2024 | REUTERS/Irakli Gedenidze

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იზოლატორიდან წერილით ეხმაურება ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. გვარამიას მონაყოლის მიხედვით, ყოფილ პარტნიორთან, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილთან დაპირისპირება არხის გენდირექტორობიდან მისი გადადგომით და პოლიტიკაში წასვლით დაიწყო, საპარლამენტო არჩევნების წინ კი გამწვავდა.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„უცებ და გაურკვევლად (იმ ეტაპისთვის), ოქუაშვილმა უარი განაცხადა ჩემს გადადგომაზე (პარტნიორთა კრების თანხმობა იყო საჭირო) და გიორგის [გაბუნია] დანიშვნაზე. „ჭიდაობა“ რამდენიმე თვე გაგრძელდა და ბოლოს, მიზნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეთანხმება შედგა: მეც ვნიშნავდი „ჩემს“ დირექტორს (რაც კოლექტივის არჩევანს მივანდე), ოქუაშვილიც და მესამე მსხვილი დამფუძნებელიც. დაინიშნა გიორგი გაბუნია, მანუჩარ ახალაია და ვინმე გოგი. მთავარი ნაღმი კი ის იყო, სამივეს ხელმოწერას ითხოვდნენ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე და ასეც ჩაიწერა წესდებაში“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, „მთავარი არხი“ აიძულეს ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი (გიორგი) ქურდაძის ხელფასის გარდა, თვეში 15 000 ლარი ეხადა ოქუაშვილის მეუღლისთვის, ნატო ჩხეიძესთვის, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო.

„შეუთავსებლობის გამო რომ უარი მიიღეს, იჯარის გაზრდა მოითხოვეს ერთ პატარა შენობაზე და ამ გზით ფაქტიურად ხელფასი დაენიშნა ჩხეიძეს“, - აღნიშნავს გვარამია.

როგორც ის ამბობს, საპარლამენტო არჩევნების წინ ნატო ჩხეიძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო სიის ოცეულში საკუთარი თავის, ძმის - როსტომ ჩხეიძის და კიდევ ერთი ადამიანის ჩასმა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

„როგორ, ტვ ხომ ჩვენია და მაგიტომო. ტვ თქვენი არაა, ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ, და ამას გარდა, ტვ-ს მეწილეები კოალიციასთან კავშირში არ არიან და არაფერი ეკუთვნით საერთოდ, - იყო ჩემი პასუხი.

ამის მერე დაიწყო უარების სერია - გოგი ყველაფერს აპრობლემებდა, სამაგიეროდ ნატო ჩხეიძის „იჯარას“ და მის ხელფასს ერთი დღე მაინც გადაცდენოდა, გოგიც გამოჩნდებოდა ხოლმე. არხზე დაიწყო გოგის „რევიზიები“. მიიღო ყველა დოკუმენტი, რაც მოითხოვა ყველას ახსნა-განმარტება, ვისიც მოითხოვა, ყველა წლის აუდიტის დასკვნა. მიადგა გაყიდვების სახლს, რომელიც დაქირავებული ცალკე ორგანიზაციაა, რომელიც რეკლამას ყიდის (ყველა დიდი ტვ ამგვარად მუშაობს).

ამ, მათი ტვინით, შანტაჟის ფონზე ახლა უკვე ოქუაშვილმა ჩამოწია მოთხოვნა ერთ ადგილამდე სიაში - მხოლოდ ნატო. ეს იცით რომელი ნატო ჩხეიძეა? მე რომ ციხეში ვიჯექი და მან და მისმა ამფსონებმა „ქოცებს“ რომ იუსტიციის საბჭოს წევრები აარჩევინეს. ბიძინასთან ერთხელ მაინც გარიგებულს სიაში მე რომ ჩავწერდი“, - ამბობს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, გოგი ქურდაძე ზაზა ოქუაშვილის მითითებით და ბიძინა ივანიშვილთან გარიგებით, „მთავარ არხს“ ფაქტობრივად ხურავს.

„საკმარისი ფული ანგარიშზე გაყიდვების სახლს აქვს (სარეკლამო შემოსავლებიდან) და გოგის ხელმოწერაზე უარის გამო, ასევე ბანკებში შეტანილი წერილების და პროკურატურაში შეტანილი საჩივრების გამო, ფულს ვერ ურიგებენ თანამშრომლებს და ვერც სხვა ხარჯებს წევენ, მათ შორის, კომუნალურ და ტვ-ს ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ხარჯებს, რის გარეშეც ეთერის ტრანსლირებაც კი შეუძლებელი იქნება. ცხადია, რომ ეს ივანიშვილის თამაშის მოთამაშე ხალხი (სხვას ამ ქვეყანაში არავის აწყობს „მთავარი არხის“ დახურვა) ყველაფერზე წამსვლელია. ფაქტია, ერთი ხელმოწერის გარდა, მისგან არაფერია საჭირო: არც ფული, არც რაიმე სხვა. მხოლოდ ხელმოწერა კანონიერი შემოსავლის კანონიერად განსაკარგად“, - წერს გვარამია ციხდიდან.

11 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანიის თანამშრომლებთან ერთად ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილი „მთავარ არხს“ ხურავს. გაბუნიას მტკიცებით, ოქუაშვილი ამას რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის გოგი ქურდაძის მეშვეობით აკეთებს, რომელიც „ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში“. როგორც გიორგი გაბუნიამ თქვა, „მთავარი არხი“ უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე და ნელნელა წყდება გაფორმებული კონტრაქტებიც, რაც, საბოლოოდ, არხის მუშაობას შეუძლებელს გახდის.

ზაზა ოქუაშვილმა გიორგი გაბუნიას განცხადებას ცილისწამება უწოდა და თქვა, რომ არხის დახურვის გადაწყვეტილება მას არ მიუღია. ის არის მოქმედ და ყოფილ გენდირექტორებს „მთავარი არხის“ გაძარცვასა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანაში სდებს ბრალს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.