იანვარში აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში $420 მლნ-ზე მეტის ნახატები შემოიტანეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მიმდინარე წლის იანვარში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 420 304 330 დოლარის ღირებულების ნახატები შემოიტანეს. ვარაუდს, რომ ხელოვნების ნიმუშები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, პარტიაში ჯერ არ გამოხმაურებიან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იანვარში სასაქონლო კოდით 97012100000, რაც სურათებს, ნახატებსა და პასტელებს მოიცავს, შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულია 167 600 406 დოლარის ღირებულების 4,698.5 კგ საქონელი, ხოლო დიდი ბრიტანეთიდან 252 703 924 დოლარის ღირებულების 1,432 კგ საქონელი. გარდა ამისა, იმავე პერიოდში 417 524 დოლარის ღირებულების 398 კგ ნახატები გერმანიიდან შემოვიდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაში მიიჩნევენ, რომ ხელოვნების ნიმუშების იმპორტი ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა. სპეციალობით ეკონომისტი ბექა ლილუაშვილი ამას სანქციებს უკავშირებს.

„დაიწყო ივანიშვილის მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების გადმოქაჩვა საქართველოში. ეს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ იმპორტის ოფიციალურ სტატისტიკაშია მოცემული: თითქმის 500 მლნ დოლარის ღირებულების ძვირადღირებული ნახატები. მათ შორის, აშშ-დან, რაც ნიშნავს, რომ ტრამპთან „დალაგებულ“ ივანიშვილს სინამდვილეში ვერაფერიც დაულაგებია, იქიდანაც მოარბენინებს ნახატებს. აი, თუ არ ეშინია ივანიშვილს სანქციების“, - დაწერა ლილუაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, ივანიშვილმა „ქაართული ოცნების“ მიერ გასულ წელს მიღებული ე.წ. „ოფშორული კანონით“ ისარგებლა და ბიუჯეტში 86 მილიონი დოლარის იმპორტის გადასახადის გადახდას აარიდა თავი.

„სად შეინახავს ამ ნახატებს ივანიშვილი? სახლში გამორიცხულია, ჯარი უნდა დააყენოს დასაცავად. „ქართუს“ სარდაფი ამისთვის არ გამოდგება, სპეციალური რეჟიმია საჭირო. ერთადერთი ადგილი, სადაც ტენიანობის და ტემპერატურის სტაბილური და სტანდარტების შესაბამისი გარემოა, არის ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს საცავი, სადაც 7 ტონა ოქროს ზოდები ინახება.

ვნახოთ, კიდევ ერთხელ გაუწვდის დახმარების ხელს ეროვნული ბანკი ბიძინა ივანიშვილს თუ არა. ეროვნული ბანკის საცავში, სადაც ნაღდი ფულისა და ოქროს მარაგები ინახება, სხვა პირების ნივთების შენახვა დაუშვებელია. ამისთვის სპეციალური გადაწყვეტილებაა საჭირო, რათა მოხდეს საკასო ცენტრის ფართის კერძო პირებზე გაქირავება. ასეთი რამ არასდროს მომხდარა“, - ამბობს რომან გოცირიძე.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავალთვის ძირის გამოთხრის გამო, დაუწესა. დასანქცირებიდან რამდენიმე დღეში, მილიარდერმა საკუთარი კომპანიების ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყო.

ივანიშვილის დასანქცირების ინიციატივა გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაშიც დააყენეს. წინადადების ავტორი, „ლიბერალ დემოკრატებიდან“ პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკლირი და კიდევ 26 პარლამენტარი მიიჩნევენ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აშშ-ს უნდა მიბაძოს „დემოკრატიული უკანდახევის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის“.

გამოცემა Bloomberg-ი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქონებას 7.75 მილიარდ დოლარად აფასებს, წერს, რომ მხოლოდ მისი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია 1 მილიარდი დოლარი ღირს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.